ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მიუმართავს რუსეთის ფედერაციის არცერთ მოქალაქეს უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო.
„ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. მე პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და იკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.
მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით.
საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის. აქტიური ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გადაადგილდებიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სერვისით საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექმნებათ არანაირი დაბრკოლება.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარს შორის არსებობს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარშემო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატური ურთიერთობის არარსებობის პირობებში.
ჩვენი მიზანია, რომ განვითარებული მოვლენები არ აისახოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ქ-ნი ტატიანა მოსკალკოვა, ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არ დაუშვებს მათ დისკრიმინაციას ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი ნიშნით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ტატიანა მოსკალკოვამ ქართველ კოლეგას დღეს მიმართა. მისი შეფასებით, დაირღვა საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ჩასული რუსი დეპუტატების, მათ შორის, სერგეი გავრილოვის უფლებები.
„რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ, ხოლო ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, შეეწყვიტა შვებულება და სამშობლოში დაბრუნებულიყო. ადამიანის უფლებების ამგვარი დარღვევა დაუშვებელია იმ საზოგადოებაში, რომელმაც პატივი უნდა სხეს და დაიცვას საერთო ადამიანური ღირებულებები, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითაა განმტკიცებული“, – აცხადებს ტატიანა მოსკალკოვა.
მისივე თქმით, თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა.