„მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის დადგმის უალტერნატივო აკრძალვა შეკრების თავისუფლების ხელყოფას წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის დადგმას არ გეგმავს გზის სავალ ნაწილზე, აქედან გამომდინარე, გაუგებარია შესაბამისი დასაბუთების და რეალური ალტერნატივის შეთავაზების გარეშე რატომ უზღუდავენ მას პარლამენტის ტერიტორიაზე კარვის განთავსებას“, – აცხადებს EMC და აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ამ საქმეზე მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში.
EMC აღნიშნავს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს 2018 წლის ოქტომბრშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუზღუდეს პარლამენტის წინ კარვის დადგმის შესაძლებლობა, თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის სასამართლო დავისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მას ეს შესაძლებლობა მიეცა და 2019 წლის 20 ივნისამდე პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფებოდა.
„საპატრულო პოლიციის მხრიდან მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალვა მშვიდობიანი შეკრების კონტროლის მცდელობას წარმოადგენს. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიას, უზრუნველყონ კანონმდებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განუხრელი დაცვა“, – აცხადებს EMC.