EMC-ის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზაში“ კოლექტიური შრომითი დავა მიმდინარეობს. დასაქმებულები ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ ძირითად პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის, რომელთა ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დაწყება პროფკავშირისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„რკინიგზაში დასაქმებულებს ხელფასი ბოლოს 2014 წელს, გაფიცვის შედეგად გაეზარდათ, ხოლო დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი 2012 წლიდან არ მომატებია. დასაქმებულთა ერთ-ერთ მთავარ წუხილს ხელფასების უსამართლო გადანაწილება წარმოადგენს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, იმ დასაქმებულთა ხელფასები, რომლებიც რკინიგზის მუშაობას უზრუნველყოფენ, დაახლოებით 300-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასი 900-დან 8000 ლარამდეა. პროფკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაციის კადრები გაბერილია და რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება.
პარალელურად, რკინიგზის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მომდევნო წლის მარტიდან კომპანია გეგმავს იმ პირთა ხელფასის 10%-ით მომატებას, ვისი შრომის ანაზღაურებაც 1500 ლარზე ნაკლებია და 2014 წლიდან არ გაზრდილა, თუმცა რკინიგზის თანამშრომელთა უმეტესობა ამ შემოთავაზებას არ თანხმდება. ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაქმებულები ამბობენ, რომ მათი შემოსავალი რეალურად ბევრად შემცირებულია 2012 წელთან შედარებით და 10%-იანი მატება ამ დანაკლისს ვერ აანაზღაურებს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, 9 ივლისს, დავის მოგვარების მიზნით, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა, რომელიც რკინიგზაში დასაქმებულ 1000-მდე ადამიანს წარმოადგენს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა პროცესში მედიატორის დანიშვნის თაობაზე. EMC-ის ინფორმაციით, 22 ივლისს სამინისტრომ შემათანხმებელი პროცედურის დასაწყებად დანიშნა მედიატორი, რომელიც შეხვდა პროფკავშირის წარმომადგენლებს, თუმცა ვერ მოახერხა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლობასთან შეხვედრა, რის გამოც 31 ივლისს შეწყვიტა მედიაციის პროცესი. მედიაციის წარუმატელი მცდელობის გამო, 10 აგვისტოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გაფიცვის თარიღის დასახელებას გეგმავს.
EMC მოუწოდებს სამინისტროს, ხელახლა დანიშნოს დავის მედიატორი, უზრუნველყოს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების პროცესი და დავის ორივე მხარის მონაწილეობა მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებში.
რამდენიმე დღის წინ რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა დააანონსა. პროფკავშირის ინფორმაციით, ხელფასის 50%-ით გაზრდის მოთხოვნით გაფიცვისთვის 4800 რკინიგზელი ემზადება.
„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ეს მოთხოვნა არარეალური და პოპულისტური საკითხია. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მხოლოდ 400-მდე წევრს აერთიანებს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს.