weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაადგინა

15:27 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკატერინე მესხიძეს, რომელიც ყოფილ უფროსს – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, სატელევიზიო ინტერვიუების დროს გაკეთებული განცხადებების უარყოფა დაავალა.

უგრეხელიძემ მესხიძის წინააღმდეგ სასამართლოში ერთი წლის წინ იჩივლა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის დროს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას. უფრო მეტიც, სასამართლომ მოპასუხე მხარეს, ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელი რიგი ტელეკომპანიებით უარყოს ერთი წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომლებმაც ზიანი მიაყენა ჩემს საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება, რაც მთავარია, შეურაცხყო მისივე კოლეგები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები“, – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

უგრეხელიძის ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იცავდა. მისი შეფასებით, სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება მათთვის, „ვინც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, გენდერულ თანასწორობას იყენებს იმისთვის, რომ ადამიანს ცილი დასწამოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, მონსტრად და ურჩხულად გამოიყვანოს“.

„ამას ჰქონდა ადგილი ქალბატონი მესხიძის მხრიდან ტელევიზიებში გამოსვლის დროს. დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ფაქტები არ დადასტურდა, ამიტომ მას დაევალა მათი უარყოფა“, – განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ეკატერინე მესხიძის ადვოკატები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ იქნა დადგენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ნაწილშიც არის წინააღმდეგობები“, – აღნიშნა ადვოკატმა მარიკა დუმბაძემ.

პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის მარტის ბოლოს, მას შემდეგ დატოვა, რაც ყოფილმა თანამშრომელმა, ეკატერინე მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა 2016 წელს მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც საქმე შეისწავლა და რეკომენდაცია მოამზადა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა“. სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, ამ დასკვნის შესახებ ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ზოგიერთი დეპუტატი, თუმცა დროული რეაგირება არავინ მოახდინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]