თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ეკატერინე მესხიძეს ინტერვიუებში გაკეთებული ზოგიერთი განცხადების უარყოფა დაავალა. მესხიძის ინტერესებს საია იცავს.
„მსხვერპლის მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი შეიცავდა აზრებსა და შეფასებებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაც შეეხება ფაქტებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურება ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მსხვერპლს მისი უარყოფა დაავალა.
მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ქმნის იმის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ.
დღევანდელ გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და გააგრძელებს მსხვერპლის ინტერესების დაცვას“, – აცხადებს საია.
სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. საია-ს განცხადებით, აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფამილიარული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მუქარiს შემცველ SMS ტექსტებს და ა.შ. შესაბამისად, სახალხო დამცველმა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა მსხვერპლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელ სამუშაო გარემოს შექმნაში და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში“, – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.