weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ განმარტება უნდა წარმოადგინოს – ლომჯარია

16:22 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს განმარტება, თუ რატომ არ არის დასრულებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიება.

მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. აღნიშნული საქმე სახახლო დამცველის წლიურ ანგარიშში სიცოცხლის უფლების ჭრილშია განხილული.

„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელი იყო ზუსტად იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი და ტარდებოდა თუ არა ყველა საგამოძიებო მოქმედება, ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაცია იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დაადგინოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებები.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა თქვა, პროკურატურამ გაზაფხულზე განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ორ თვეში გამოიძიებდა.

„ვხედავთ, რომ გასულია 2 თვეზე გაცილებით მეტი, თუმცა, არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არ დასრულდა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა, თუმცა ის 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ ბრალი არ წაუყენებიათ.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 27 დეკემბერს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია, თუმცა 2019 წლის 6 მაისს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]