weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალგორში დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

18:37 პარასკევი, 15 ნოემბერი 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, დაკავება სამთავისი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ამას ადასტურებს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც ახმაჯთან და ორჭოსანთან 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს: 1961 წელს დაბადებული, თბილისში  მცხოვრები რამაზ ზადიშვილი; დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მკვიდრი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, თბილისის მცხოვრები, 1961 წელს დაბადებული ვაჟა გაფრინდაშვილი და სოფელ კოდისწყაროში მცხოვრები, 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი.

13 ნოემბერს, ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ, ზადიშვილი, მიშელაშვილი და ტუხიაშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის და ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით. მეოთხე დაკავებულის - ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ კი ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთისთვის.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ვაჟა გაფრინდაშვილის მისვლის მიზანი, სავარაუდოდ, ახალგორში მცხოვრები 67 წლის თამარ გიგაურისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.

ახალგორის განათლების განყოფილების ყოფილი უფროსი და დამსახურებული პედაგოგი თამარ გიგაური, 3 ნოემბერს 7 მეტრიან ჭაში ჩავარდა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აქვს.

როგორც „რეგინფოს“ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა უთხრა, დაშავებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, რაც ცხინვალის საავადმყოფოში ვერ აღმოუჩინეს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თინიკაშვილის თქმით, თამარ გიგაური ახალგორში დის სახლში იმყოფება. ოჯახის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე არ იძლევა უფლებას, რომ პაციენტი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანონ.

2019 წლის 4 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სრულ იზოლაციაში არიან. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები ყველაფერს აკეთებენ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას დღესვე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, ექიმის ტყვეობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. ამგვარი ქმედება საომარი მოქმედებების დროსაც კი დაუშვებელია.

„საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა ჰუმანიტარული დახმარების შემთხვევაში ადამიანების გადაადგილების უფლება ოკუპირებული ზონებიდან იყოს რეალიზებული, ახლა კი ამ ვანდალურ ფაქტებს ექიმის გატაცების შემზარავი ფაქტიც დაემატა“.

ცენტრი „ემპათია“ კვლავაც მოუწოდებს ხელისუფლებას გაზარდოს საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართულობა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში და ჰუმანიტარული პრინციპების დაცვის მიმართულებით უზრუნველყოს ოკუპაციისა და პარა - ოკუპაციის ზონებში ადამიანების უსაფრთხოების დაცვა.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა - პრეზიდენტი

ახალგორში ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხს ჟენევის შეხვედრაზე განიხილავენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]