weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა - პრეზიდენტი

00:42 შაბათი, 16 ნოემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა.

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მძიმე კრიზისია შექმნილი, ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კი რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა.

პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში ვითარება გამოსწორდეს და დაკავებული ექიმი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს.

პრეზიდენტის მიმართვის ადრესატები არიან: გაეროს გენერალური მდივანი - ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლო, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეუთოს თავმჯდომარე - მიროსლავ ლაიჩაკი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები: გაეროს წარმომადგენელი - ჩიჰან სულტანოგლუ, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი - რუდოლფ მიჩალკა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ტოივო კლაარი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარი - მიშელ ბაშელე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - დუნია მიატოვიჩი.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, დაკავება სამთავისი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „რეგინფო“ წერდა, რომ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ვაჟა გაფრინდაშვილის მისვლის მიზანი, სავარაუდოდ, ახალგორში მცხოვრები 67 წლის თამარ გიგაურისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.

ამ ინფორმაციაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში კომენტარს არ აკეთებდნენ.

ახალგორის განათლების განყოფილების ყოფილი უფროსი და დამსახურებული პედაგოგი თამარ გიგაური, 3 ნოემბერს 7 მეტრიან ჭაში ჩავარდა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აქვს. დაშავებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, რაც ცხინვალის საავადმყოფოში ვერ აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თამარ გიგაური ახალგორში დის სახლში იმყოფება. ოჯახის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე არ იძლევა უფლებას, რომ პაციენტი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანონ.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთას ედავება. 15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]