„ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება“, - ნათქვამია საქართველოში ასშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დადასტურებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა.
15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.