weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

პოლიცია არაა თავისუფალი სტერეოტიპებისგან - სახალხო დამცველი

13:48 ოთხშაბათი, 26 თებერვალი 2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში არასრულწლოვნის მოტაცების ფაქტზე აცხადებს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება არაა თავისუფალი სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, რაც მათი ეფექტური ფუნქციონირების არსებითი დამაბრკოლებელი გარემოებაა.

„აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი გამოწვევაა უწყებებს შორის დროული და ეფექტური კომუნიკაცია, ადგილზე სერვისების მიწოდება, რაც რიგ შემთხვევაში სახალხო დამცველის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღწეული.

ამ ეტაპზე, მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად მიღებული ტრავმის და სტრესის დასაძლევად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიონალთა ჩართულობით არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლას და რეაბილიტაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვნის განათლების უფლების რეალიზება და საგანანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარ-განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს აღნიშნულ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება. აქედან გამომდინარე, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნულ ფაქტზე სამართლიანობის აღდგენის, ასევე მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულში 17 წლის გოგონა 14 თებერვალს მოიტაცეს, როცა ის სასწავლო კურსებიდან სახლში ბრუნდებოდა. ქალაქის ცენტრში გოგონას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გაიტაცეს. პოლიცია გოგონას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც გამტაცებელი, 21 წლის მამაკაცი მარნეულის რაიონში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]