weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაჩანა შენგელია იუსტიციის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

12:27 ორშაბათი, 06 ივლისი 2020
სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

ნოტარიუსმა ბაჩანა შენგელიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ის იუსტიციის მინისტრის იმ ბრძანებას ასაჩივრებს, რომლიც ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოში შენგელიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაიცავს.

ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური წარმოება 24 ივნისს დაიწყო. დისციპლინურ წარმოებას საფუძველად დაედო შენგელიას მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გამოხატული მოსაზრებები, რაც გენერალური ინსპექციის შეფასებით, წარმოადგენდა „მიკერძოებული პოლიტიკის საჯაროდ გამომჟღავნებას“ და „პოლიტიკურ შეფასებებს“. 

საია-ს ინფორმაციით, ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას საქართველოს იუსტიციის მინისტრის N69 ბრძანება ადგენს. მასში 2020 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ამ პრინციპის დარღვევა წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას ერთი თვიდან 2 წლამდე ვადით.

საია-ს შეფასებით, იუსტიციის მინისტრის ეს ბრძანება ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის პირად Facebook-გვერდზე აკრძალულია. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად.“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება.

მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტს გააჩნია. იუსტიციის მინისტრის N69-ე ბრძანება შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებით არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც. ამის გამო საია ითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“, – აცხადებს საია.

გარდა ამისა, საია ამტკიცებს, რომ Facebook-ის პირად გვერდზე პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო ნოტარიუსის დასჯა არის არაპროპორციული ღონისძიება და წარმოადგენს ნოტარიუსის, როგორც საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ფორმით ჩარევას.

„ასეთი ღონისძიება ვერ იქნება გამართლებული ვერცერთი ლეგიტიმური მიზნით. ამასთან სანქცია, რაც პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემთხვევაში ნოტარიუსს ეკისრება, არის არაადეკვატურად მკაცრი. პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიჩნეულია მძიმე ტიპის გადაცდომად და პირველივე შემთხვევაშიც კი ითვალისწინებს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებას. ამ მკაცრი ღონისძიების გამოყენებას წინ არ უძღვის გაფრთხილება ან საყვედური, რაც გათვალისწინებულია მსუბუქი და საშუალო დისციპლინური გადაცდომისათვის“, – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას 19 ივნისიდან აღარ აქვს წვდომა პროგრამაზე, რომელითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ პირველი დისციპლინური წარმოება 22 ივნისს დაიწყო იმ საფუძვლით, რომ 18 ივნისს ბაჩანა შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და სანოტარო საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა. შენგელიას განმარტებით, სამსახურში ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ იყო, შემცვლელის დანიშვნის უფლება კი ნოტარიუსს კანონით აქვს მინიჭებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 30 ივნისის დააკმაყოფილა ბაჩანა შენგელიას განცხადება და დროებითი განჩინებით იუსტიციის სამინისტროს დაავალა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ასრულებს.

იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიას მიმართ დისციპლინური წარმობა კიდევ ერთი საფუძვლით აქვს დაწყებული. 24 ივნისით დათარიღებულ წერილში, რომელიც, როგორც შენგელია ამბობს, 29 ივნისს ჩააბარეს, ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზი ამჯერად მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადებები გახდა.

ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაც დედის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მის აქტივობას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]