weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჯაბიევის მიმართ დანაშაულებრივი მეთოდები გამოიყენეს – ცხინვალის ე.წ. ომბუდსმენი

09:36 სამშაბათი, 01 სექტემბერი 2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადამიანის უფლებების ომბუდსმენი ინალ ტასოევი აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ინალ ჯაბიევი წინასწარი გამოძიების დროს მის მიმართ დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების გამო გარდაიცვალა. ე.წ. ომბუდსმენის ინფორმაციით, ნაცემია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება ჯაბიევთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი ადამიანი.

„28 აგვისტოს ჩვენს რესპუბლიკაში ტრაგედია მოხდა, რომელმაც გვაჩვენა, რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუ ადამიანის უფლებები სათანადოდ დაცული არ არის. ჩვენი თანამემამულე ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა წინასწარი გამოძიების დროს მის მიმართ დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების შედეგად. ანალოგიური მეთოდები გამოყენებულ იქნა ნიკოლაი ცხოვრებოვის მიმართ, რომელიც მრავალპროფილურ რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში მოვინახულე.

ის მოყვა დაკითხვის მეთოდების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოში კვალიფიცირდება, როგორც წამება. ეს არის ხელკეტების დარტყმა, თავზე პარკის ჩამოცმა და სხვა“,განაცხადა ტასოევმა.

მისივე თქმით, ცხოვრებოვის მონაყოლის შესახებ ინფორმირებულია დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც, ე.წ. ომბუდსმენის თქმით, „გადაწყვეტილი აქვს შეწყვიტოს ეს უკანონობა და ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფა“.

28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურებრივი ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე 27 აგვისტოს დააკავეს, 28 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გარდაცვლილის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, სილურჯეები და სავარაუდოდ, ცემის კვალია აღბეჭდილი.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ხალხი ცხინვალის ცენტრში გუშინ, 31 აგვისტოს, ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგაც შეიკრიბა. ისინი დამნაშავეების დასჯას და ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენებას ითხოვდნენ.

გუშინ დე ფაქტო პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. მანამდე ცნობილი იყო, რომ ჯაბიევის საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]