weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სახალხო დამცველი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს

20:30 კვირა, 22 ნოემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარება სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. 

სახალხო დამცველი იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას, თუმცა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა.    

ამასთან, არ შესწავლილა და გაანალიზებულა ერთობლიობაში უკვე გაწეული საქმიანობა, განხორციელებული ინვესტიციები, პროექტების ხარჯ-სარგებლიანობა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ინდივიდუალურ პროექტებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები სისტემური და განგრძობითია“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისივე შეფასებით, რაც სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიან ზედამხედველობას ეფუძნება, წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს. 

„აქტუალობას არ კარგავს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებისა და ჩატარებული კვლევების ხარისხის მიმართ უნდობლობა, საზოგადოების ინფორმირება-ჩართულობის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების უგულებელყოფის, ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობის პრობლემა, პროექტების სარგებლიანობის მიმართ არსებული საფუძვლიანი ეჭვები. სწორედ, დასახელებულმა პრობლემებმა ფუნდამენტურად გაუმჯობესებული ეროვნული კანონმდებლობის მიუხედავად, ერთობლიობაში და განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი წინამდებარე პროექტთან მიმართებითაც. 

ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება, ასევე გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებებია.

როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სტანდარტები გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე ჩართულობის მაღალ გარანტიებს განამტკიცებს. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების რეალური ჩართულობა, მათი მოსაზრებების, შენიშვნებისა და საჭიროებების გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალურად გათვალისწინებას გულისხმობს და პროცედურული მოთხოვნების ფორმალური აღსრულება დასახელებული სტანდარტის დაკმაყოფილებად ვერ იქნება მიჩნეული“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

როგორც ის აღნიშნავს, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის შემთხვევაშიც, დარგის სპეციალისტების კრიტიკულმა შეფასებებმა, მოსახლეობის უწყვეტმა პროტესტმა და არსებულმა კრიზისულმა ვითარებამ ცხადყო, რომ როგორც სახელმწიფოსგან, ასევე პროექტის განმახორციელებელი კომპანიისგან ამ დრომდე გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევა და არაერთი კითხვა, პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან თუ მის სარგებლიანობასთან მიმართებით, კვლავ პასუხგაუცემელია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს:

  • გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა დასაბუთებული პასუხი გაეცეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით და არ დაუშვან, პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლის გარეშე;
  • მიაწოდონ ფართო საზოგადოებას დეტალური და დასაბუთებული ინფორმაცია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტების ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებლიანობასთან დაკავშირებით;
  • დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, პროფესიული კვლევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების, საჯარო განხილვების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების ფართო ჩართულობით პოლიტიკის დოკუმენტების შესაქმნელად.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის პროექტია, რომელიც წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე ორი ჰესის მშენებლობას მოიცავს. რამდენიმე კვირაა რიონის ხეობის მაცხოვრებლები კასკადის მშენებლობას სხვადასხვა გზით აპროტესტებენ. მათ ადგილზე მორიგეობაც კი დააწესეს და ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანიამ სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს. 14 ნოემბერს, დაახლოებით 200-მა ადამიანმა, სოფელ ჟონეთში ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]