weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზაზა გახელაძეს ცხინვალში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

14:00 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

რუსი სამხედროების მიერ, 7 თვის წინ, კასპის რაიონიდან გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლოს სხდომა დღეს გაიმართა.

გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

სასამართლო სხდომამდე გახელაძის მეუღლეს ირმა ბუთხუზს იმედი ჰქონდა, რომ ზაზას გაათავისუფლებდნენ.

„პირველ სასამართლო სხდომაზე რუსმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ზაზას განზრახ არ უსვრია. ეს ჩვენთვის არის ხელჩასაჭიდი, რომ სასამართლო გამოიტანს ჩვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას“, – აცხადებდა ზაზა გახელაძის მეუღლე.

34 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გახელაძე, რომელიც, მათივე თქმით, სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული და ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 300 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა, როდესაც რუს მესაზღვრეებს შეეჩეხა. რუსული მხარის განცხადებით, გახელაძემ მიმალვა სცადა და რუსების მისამართით ათამდე გასროლა განახორციელა, საპასუხო ცეცხლის შედეგად კი ფეხში მსუბუქად დაიჭრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონოა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – განაცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]