weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურამ ხელი შეუწყო აბაზოვისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას – ანგარიში

14:55 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს პროკურატურამ დაუსაბუთებლად მოუხსნა ბრალდება არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელების ნაწილში, რითიც მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შეუწყო ხელი.

აბაზოვის საქმე მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 2020 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება.  

„სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში თემურ აბაზოვს ბრალი ედებოდა დაზარალებულის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში. ბრალდების თანახმად, მოგვიანებით, მანვე, სხვა პირთა დახმარებით, მოახდინა აღნიშნული ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზება.

ამრიგად, თემურ აბაზოვს ბრალი ედებოდა ორი მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის მიწურულს, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, პროკურატურამ შეცვალა პოზიცია და ბრალდებულს მთლიანად მოუხსნა ბრალდება კადრების გავრცელების ნაწილში, რის საფუძვლადაც პროკურატურამ მიუთითა, რომ თემურ აბაზოვმა ორივე ქმედება ერთიანი განზრახვით ჩაიდინა, რის გამოც პირველმა დანაშაულმა სრულად მოიცვა ღირსებისა და პატივის შემლახავი კადრების შენახვისა და გავრცელების ორგანიზების პერიოდი.

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ ყოფილა. შესაბამისად, რადგან მეორე ბრალდება, თემურ აბაზოვს პროკურატურის მხრიდან მოხსნილი ჰქონდა, საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა.

გასათვალისწინებელია, რომ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეული იყო. მტკიცებულებათა ერთობლიობა მიუთითებდა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და გავრცელების ეპიზოდი. ისინი პირად მიმოწერაში უგზავნიდნენ ერთმანეთს ამ კადრებს, აზუსტებდნენ, თუ რა ვიდეომასალა იყო, ორგანიზებას უწევდნენ მასალის სოციალური ქსელით გავრცელებას და ა.შ.“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია არ იზიარებს პროკურატურის დასაბუთებას კადრების გავრცელების ნაწილში ბრალდების მოხსნის თაობაზე და განმარტავს, რომ არც სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დისპოზიციები, არც აღნიშნული ქმედებების ლოგიკური ანალიზი არ მიუთითებს, რომ პირის მიმართ არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა მოიცავს ამ მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებას.

არაადამიანური პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი კადრების საჯაროდ გავრცელება დამატებით აღრმავებს დაზარალებულის მიერ განცდილ მძიმე მორალურ ტანჯვას და იწვევს მის ხელახალ ვიქტიმიზაციას, რის გამოც ამ ქმედებას სისხლის სამართლის კოდექსი ცალკე, დამოუკიდებელ დანაშაულად მოიაზრებს.

განაჩენში მოსამართლემაც მიუთითა, რომ ხსენებული დანაშაულები ერთმანეთს არ მოიცავს, თუმცა აღნიშნა, რომ პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით იგი ვეღარ იმსჯელებდა, ვინაიდან პროკურატურამ ეს ბრალდება მოხსნა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე, მოცემული ბრალის დაუსაბუთებელი მოხსნით, სასამართლოს წაართვა ამ უმძიმეს დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მეტიც, ბრალდების მოხსნის შედეგად, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის სამართლებრივი პრინციპის გათვალისწინებით, ამგვარ დანაშაულზე სამართლიანობის აღდგენა სამომავლოდაც გამოირიცხა. პროკურატურის ქმედებით დაზარალებულს დაერღვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პოზიტიური ასპექტი, რომელიც გულისხმობს ეფექტიან გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა და სახე საკუთარი შარდით მოაბანინა. მოგვიანებით პატიმრობაში მყოფ აბაზოვს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებასა და ინტერნეტით გავრცელებასაც ედავებოდნენ.

აბაზოვმა ციხეში 6 თვე გაატარა. 2018 წლის 13 დეკემბერს, სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა და ციხიდან გაათავისუფლა. 2020 წლის თებერვალში რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვი გაამართლა. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ მარნეულის ყოფილს მერს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება) მოუხსნა.

 

ამ თემაზე:

ჩემნაირად არავინ დასჯილა - მარნეულის ყოფილი მერი „ოცნებას“ საყვედურობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]