weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემნაირად არავინ დასჯილა - მარნეულის ყოფილი მერი „ოცნებას“ საყვედურობს

23:54 სამშაბათი, 16 მარტი 2021
ფოტოზე - თემურ აბაზოვი ფოტოზე - თემურ აბაზოვი

„წლებია, ჩემზე ზეწოლა მიმდინარეობს, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ სიტყვა არავის უთქვამს მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გამამართლა. ხმის ამომღები მაინც არავინ არის. ჩემნაირად არავინ დასჯილა. შემეძლო სამსახური დამეტოვებინა და ჩვეულებრივ მივსულიყავი სასამართლოებში, მაგრამ დამაკავეს, როცა აუცილებლობა არ იყო“, - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი. მას ადანაშაულებდნენ, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც აქციაზე მისი და ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ბოდიში საჯაროდ მოახდევინა, ცემა, სახე საკუთარი შარდით მოაბანინა და დამცირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თემურ აბაზოვმა 15 მარტს თავის იუთუბ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის TV პირველის ეთერში, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ, ამ საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. უგულავას თქმით, მარნეულის მერი, იმის მიუხედავად, რომ ადამიანი ასე დაამცირა, ციხიდან მალევე გაათავისუფლეს, თითქოს მოქალაქეს სახე შარდით კი არ მოაბანინა, არამედ ლიმონათი წაისვა. უგულავამ ხაზი გაუსვა, რომ თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

„უნდა აიღო რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სულ ტუჩებში ურტყა უგულავას. რა ლიმონათი, რის ლიმონათი, საიდან მოიგონე ბიჭო. თვითონ თქვა „მე ასეთი რომ ვჭამეო“, მაგრად რომ შემეშალაო, პირადად ბოდიშის მოხდა მინდოდაო, მაგიტომ იყო მოსული, მაგრამ არც მაგის ნახვა მინდოდა, არც მქონია შეხება. ამას 100-ზე მეტი მოწმე აცხადებს, ჩემი ის კი არ არის. მაგის გამო ტიპი დაცვის პროგრამაში ჰყავდათ, მე კი დაკავებული ვიყავი. ის არაადამიანი გამოვიდა და ბოლოს თავის მეგობრებში საუბრობდა იმაზე, რომ მე გიჟი კი არ ვიყავიო, რა შარდი უნდა წამესვა, ეს ლუდიო იყოო. მანქანასთან ვიღაცეები სვამდნენ, ჭიქებში დარჩა და ის წავისვიო. მე რაში მაინტერესებს იქ რა მოხდა, მე იქ არ ვყოფილვარ, მე ეს არ გამიკეთებია, მე დანაშაული არ ჩამიდენია. იქ შარდი იყო თუ ლუდი, არ ვიცი. ლიმონათი საიდან დაესიზმრა უგულავას“, - ამბობს აბაზოვი. ივანიშვილთან ახლობლობის შესახებ კი განმარტავს: „რა არ გააკეთა ამ კაცმა.

ივანიშვილის მსგავსი ადამიანი საქართველოს არასდროს ეყოლება, არც აქამდე ჰყავდა. ხალხო, რომ წავა, რომ დაიკარგება და საქართველოში არ იქნება, მაშინ უნდა დავაფასოთ?

მე ვმუშაობდი ბიძინა ივანიშვილთან და ვიცი, რასაც აშენებს, დღე და ღამე თავზე ადგას, ურეკავს, აინტერესებს, ამოწმებს. მხოლოდ ფულის ხარჯვა ხომ არ არის? თუნდაც „პარაგრაფი“ ავიღოთ, ყოველ დილით იდგა იქ, უყურებდა, აკონტროლებდა, ვინ რას აკეთებდა, მაქსიმალურ ყურადღებას აქცევდა. ეგრე უგულავასაც ჰქონდა დახარჯული ფული, საბურთალოზე მილიონი ჩიტი რომ გაუშვა, გამრავლდებიანო. ამაზე სუპერთაღლითობა არავინ უნახავს, მიდი, დაამტკიცე იქ 200 ჩიტი იყო, თუ მილიონი“.

უგულავამ უსინდისო უწოდა აბაზოვს, რადგან მან მარნეულის მერიიდან იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

„უსინდისოც ხარ და მეტიც.

ახლა გულიანად შეგაგინებდი, მაგრამ გუშინ შენს ვიდეოებს რომ ვუყურებდი, ჩემმა პატარა შვილმა მითხრა, მამიკო, გთხოვ, „ტყ-ზე“ რაც იწყება, არ თქვაო. წარმოიდგინეთ, რა დღეში იყო ჩემი ოჯახი, როცა პირდაპირ ეთერში ცოლს გაგინებენ და ამას ცოლი სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად უყურებს.

ცოლი, დები, ძმები, ძმაკაცები - ყველა ამას უყურებს როგორ აგინებენ ღიად“, - აცხადებს აბაზოვი.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა. მარნეულის მერთან ერთად დევნა დაიწყო პარლამენტის წევრის და კიდევ 2 პირის მიმართ.

ბრალდების მიხედვით, 2018 წლის 10 ივნისს, მარნეულში მცხოვრები ელჩინ ა-ი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე ღამეს მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა ელჩინ ა-ი წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ა-ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ა-ი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 14 ივნისს რუსთავის სასამართლომ თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ელჩინ ა-ის ადვოკატის განცხადებით, მის კლიენტს მარნეულის მერი დაემუქრა, რომ თუ სახეზე შარდს არ წაისვამდა, მასზე სექსუალურად იძალადებდა.

მოგვიანებით პატიმრობაში მყოფ აბაზოვს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებასა და ინტერნეტით გავრცელებასაც ედავებოდნენ.

აბაზოვმა ციხეში 6 თვე გაატარა. 2018 წლის 13 დეკემბერს, სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა და ციხიდან გაათავისუფლა.

2020 წლის თებერვალში რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვი გაამართლა. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ მარნეულის ყოფილს მერს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება) მოუხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]