weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამოხვანში გუშინ დაკავებული აქტივისტი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

15:15 შაბათი, 10 აპრილი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ გუშინ, საღამოს, სოფელ ნამოხვანში დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ სამართალდამრღვევად არ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

„მან ჯერ გუმათჰესთან მოწყობილი პოსტი გაიარა, შემდეგ კი ნამოხვანში ჰესის სამშენებლო ტერიტორიას მიუახლოვდა. შიგნით არ შესულა, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა. ჩვენ მას ვუთხარით და გაფრთხილებული იყო, რომ ზემოთ არ ამოსულიყო. შესაბამისად, ის არ დაემორჩილა ჩვენს კანონიერ მოთხოვნას“, - სასამართლო პროცესზე ასე განმარტა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ქუთათელაძის დაკავება.

პროცესზე დადასტურდა, რომ ლაშა ქუთათელაძის მხრიდან არანაირ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. ნამოხვანში ის ჯერ კიდევ არ იყო მისული კარვების ადგილთან, როცა მას პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ ოფურჩხეთის განყოფილებაში გაჰყოლოდა. ქუთათელაძე პოლიციის მანქანას უკან საკუთარი მანქანით გაჰყვა. ოფურჩხეთის განყოფილებაში კი მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და დააკავეს. ლაშა ქუთათელაძემ ერთი ღამე დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარა.

სასამართლოში მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის ზაალ გორგიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაბუთდა პოლიციის აშკარა უკანონობა, რასაც შსს რიონის ხეობაში ადგილობრივების მიმართ ახორციელებს.

3 აპრილის შემდეგ რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. პოლიციას ხეობის შესასვლელსა და გასასვლელში ბლოკპოსტები აქვს მოწყობილი, ყველა მოქალაქეს ამოწმებენ და მხოლოდ მათ აძლევენ გადაადგილების უფლებას, ვისაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს. პოლიცია გადაადგილების უფლებას უზღუდავს იმ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აქტივისტებსაც, რომლებიც 165 დღეზე მეტია ნამოხვანში უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და ღამეებს კარვებში ათევენ. მათ სასმელი წყლის მოტანისას და საკვები პროდუქტებით მომარაგების დროსაც პრობლემებს უქმნიან.

4 აპრილს, პოლიციელებმა, რიონის ხეობაში სოფელ ზარათში სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს მირიან მაღლაფერიძე, რომელსაც მეზობელ სოფელში პურის ყიდვა სურდა. პოლიციის ხელმძღვანელ პირს არ მოეწონა მაღლაფერიძის ნათქვამი, რადგან მას არ უშვებდნენ მაღაზიაში, თუ შეიძლებოდა ეყიდათ პური და მიეტანათ მისთვის. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, ქუთაისის სასამართლომ დაკავებული 1000 ლარით დააჯარიმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით მირიან მაღალფერიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას მოსალოდნელი საფრთხეებისა და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებით განმარტავს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ტემპერატურა როცა დაიწევს, შეზღუდვებიც მაშინ მოიხსნება.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც რიონის ხეობაში 8 აპრილს იმყოფებოდა და აქტივისტებს შეხვდა, განაცხადა, რომ გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]