weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია – ლაშა ქუთათელაძის ადვოკატი

12:06 შაბათი, 10 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტს, ლაშა ქუთათელაძეს, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამართალდარღვევისთვის 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული.

საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. ლაშა ქუთათელაძე ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სალომე სალდაძე იცავს.

„დაკავებულისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები არცერთ შემთხვევაში არ თავსდება იმ მუხლის შემადგენლობაში, რომლის დარღვევასაც მას ედავებიან. მიგვაჩნია, რომ სამართალდარღვევას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. სასამართლო პროცესზეც ეს პოზიცია გვექნება და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. თუ ის ჩვენთვის მიუღებელი იქნება, აუცილებლად გასაჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა სალომე სალდაძემ.

რაც შეეხება პოლიციის მიერ რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას, საია მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

„გადაადგილების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებაა. კონსტიტუცია თავად ითვალისწინებს ამ უფლების გარკვეულ შემთხვევაში შეზღუდვას, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე, თუ ის ლეგიტიმური და დასაბუთებულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეღუდვა [რიონის ხეობაში] არ არის ლეგიტიმური და ლოგიკურ გარემოებებზე დაფუძნებული, რის გამოც საქმე გვაქვს კონსტიტუციის მუხლების დარღვევასთან“, – აღნიშნა სალომე სალდაძემ.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ქუთაისი-ალპანას საავტომობილო გზით ბრუნდებოდა, მშენებარე რკინის ხიდთან ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ სხვა აქტივისტები აცხადებენ, რომ როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნებთან არკვევდნენ, რის გამო იყო ქუთათელაძე დაკავებული, უპასუხეს, რომ მან საზღვარი დაარღვია. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველების ქმედება პროტესტის მონაწილეების დაშინებას ისახავს მიზნად.

კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები 3 აპრილს განაახლა, რამდენიმე კვირით ადრე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად. მათ შორის, ადგილობრივ მცხოვრებლებს და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვები ერთი წელია სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და მის გაუქმებას ითხოვენ, თუმცა კომპანია არ იცდის. „ენკა რინიუებლზმა“ სამუშაოების ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ შეასრულა.

3 აპრილის შემდეგ რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. პოლიციას ხეობის შესასვლელსა და გასასვლელში პოსტები აქვს მოწყობილი, ყველა მოქალაქეს ამოწმებენ და მხოლოდ მათ აძლევენ გადაადგილების უფლებას, ვისაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს. პოლიცია გადაადგილების უფლებას უზღუდავს იმ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აქტივისტებსაც, რომლებიც 165 დღეზე მეტია ნამოხვანში უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და ღამეებს კარვებში ათევენ. მათ სასმელი წყლის მოტანისას და საკვები პროდუქტებით მომარაგების დროსაც პრობლემებს უქმნიან.

4 აპრილს, პოლიციელებმა, რიონის ხეობაში სოფელ ზარათში სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს მირიან მაღლაფერიძე, რომელსაც მეზობელ სოფელში პურის ყიდვა სურდა. პოლიციის ხელმძღვანელ პირს არ მოეწონა მაღლაფერიძის ნათქვამი, რადგან მას არ უშვებდნენ მაღაზიაში, თუ შეიძლებოდა ეყიდათ პური და მიეტანათ მისთვის. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, ქუთაისის სასამართლომ დაკავებული 1000 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას მოსალოდნელი საფრთხეებისა და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებით განმარტავს. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც რიონის ხეობაში გუშინ იმყოფებოდა და აქტივისტებს შეხვდა, განაცხადა, რომ გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა 3-4 აპრილს, სოფელ ნამოხვანში ინტერნეტიც ჩაახშეს. ამისათვის შსს-მ სოფელ საკირეში სპეციალური ავტომობილი განათავსა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ პოლიციელებს შორის გამართულ რადიოკავშირს უზრუნველყოფდა, თუმცა 3 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში და 4 აპრილს დღის პირველ ნახევარში, ნამოხვანში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 7 თებერვალსაც. ზუსტად ამ დღესაც აქტივისტებს ნამოხვანში აქციის გამართვა ჰქონდათ დაგეგმილი. ნამოხვანში მხოლოდ „მაგთიკომი“ მუშაობს. კომპანიამ უარყო მათი მხრიდან 3-4 აპრილს რაიმე შეზღუდვები ან სამუშაოები, რასაც შეიძლებოდა ინტერნეტის გათიშვა გამოეწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]