weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება – ნაცვლიშვილი

14:53 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021

პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა პარლამენტს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში სასწრაფოდ შეწყდეს კერძო პირთა უკანონო ქმედებები. საუბარია მეუფე სპირიდონის კურთხევით, პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების არ შეშვებაზე.

„უკვე კვირებია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან, რომლებიც არ აძლევენ შესძლებლობას კონსტიტუციურ ორგანოს - სახალხო დამცველს, შევიდეს და შეისწავლოს ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა.

ეს არის ყოვლად დაუშვებელი ქმედება, იმიტომ, რომ საქმე ეხება საზოგადოების ყველაზე უფრო მოწყვლად ნაწილს, რომელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში.

ამ ბავშვების მდგომარეობა ორმაგად მოწყვლადია მათი სოციალური სტატუსის გამო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხომაზე.

დეპუტატის თქმით, ის, რაც პანსიონში ხდება, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკიდურესად საშიში პრეცედენტია.

„რას ნიშნავს, როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს სრული მანდატი და ლეგიტიმაცია, ასე აირჩია ის საქართველოს პარლამენტმა, არ აძლევენ, კანონით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას?!

რას ნიშნავს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტი სასწრაფო მოსაზრებას აგზავნის?! ეს არის კომიტეტი, რომლის წევრი ჩვენ თავად გავხდით, ჩვენი სურვილით, არავინ გვაძალებდა. კომიტეტი ამბობს, რომ სახალხო დამცველს სასწრაფოდ უნდა მიეცეს თავისი უფლებმოსილების განხორციელების შესაძლებლობა და ეს არ აღსრულებულა დღემდე. რას ნიშნავს, რომ არცერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი თუ ოფიციალური უწყება ამაზე კომენტარსაც კი არ აკეთებს, არათუ არ იყნებებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ეს წარმოუდგენელი უკანონობა და სახელმწიფოს გაძევების, თუ მიტაცების, თუ ჩანაცვლების პრეცედენტი იყოს აღკვეთილი?! ეს ხდება იმიტომ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო პირები თავს უფლებას აძლევენ, განაცხადონ „სახელმწიფო აქ მე ვარ“. თუ ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ამას შევეგუოთ, ხვალ არ გაგვიკვირდეს, რომ ასეთი იქნება ათი, ოცი, ორასი და ათასი. ხომ გვინახავს ასეთი პრეცედენტები? - ზოგი კომბლით დადის ქუჩაში და ზოგი რას აკეთებს. შევეგუოთ ამას? ეს არის სახელმწიფო?“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის განხორციელება სურდათ, ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. სახალხო დამცველის განცხადებით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც იქ 2020 წლის ივნისის შემდეგ აღარ ყოფილა.

მეუფე სპირიდონი ადასტურებს, რომ პანსიონში სახალხაო დამცველის წარმომადგენელს მისი კურთხევით არ უშვებენ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ მაგ ხალხის შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას, აი ამიტომ. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის აბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

სასულიერო პირმა ცილისწამება და უაზრო სისულელე უწოდა სახალხო დამცველის განცხადებას იმის შესახებ, რომ პანსიონში მყოფი არასწრულწლოვნები სოციუმიდან იზოლირებულები არიან. რაც შეეხება პანსიონში სოციალური მუშაკების არ შეშვებას, მეუფე სპირიდონის თქმით, ესეც ცილისწამებაა.

ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. კომიტეტმა საჩივარი დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]