weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში ისევ არ შეუშვეს, რის გამოც ის გაეროს მიმართავს

19:04 ოთხშაბათი, 19 მაისი 2021

სახალხო დამცველის წარმომადგენლები საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში დღეს განმეორებით მივიდნენ, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ უკვე მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან გასაუბრება არ ისურვეს, რის მიზეზადაც ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დღეს პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადდა ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში.

„ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან. ამასთან, ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს.

აღნიშნული პრაქტიკის თაობაზე სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია, რადგან არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 15 აპრილსაც არ შეუშვეს, რაც სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის კურთხევით მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

„განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ, სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა (თითქმის ერთი წლის შემდეგ), თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მათივე ცნობით, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიების გამოცემის შემდგომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართეს, თუმცა მათ ამ დრომდე არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებების და ინტერესების დასაცავად.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2017 წლიდან პანსიონში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობები ორჯერ შეაფასა, თუმცა დაწესებულებამ ვერც ერთი შემოწმებისას ვერ წარადგინა ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ.

„ორივე შემოწმებისას გამოვლინდა დაწესებულების მხრიდან სალიცენზიო წესების დარღვევა.

დარღვევებს შორის იყო ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან, ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პანსიონში საგანგაშო მდგომარეობა, რის გამოც მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, მიაწვდის ინფორმაციას პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და წლების მანძილზე იქ არსებულ დარღვევებზე არაერთი მითითების შესახებ.

„კომუნიკაციისას სახალხო დამცველი შეაფასებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულების ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს, მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების არაეფექტიანობას და დაგვიანებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მოახდინოს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულება და უზრუნველყოს პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. სახალხო დამცველი ითხოვს, პანსიონში არსებული განგრძობით დარღვევებს მოჰყვეს პროპორციული რეაგირება, მათ შორის, გადაიხედოს დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]