weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სარჩელის წარდგენიდან 2 წლის შემდეგ ნათია კაპანაძის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება

23:41 ორშაბათი, 24 მაისი 2021

ბათუმის საქალაქო სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვას იწყებს. ნათია კაპანაძემ მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოს ორი წლის წინ მიმართა, თუმცა საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ხვალ, 25 მაისს, 10:00 საათზე გაიმართება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), რომელიც ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ სასამართლო საქმის განხილვას ხელოვნურად აჭიანურებს.

2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.

„უნდობლობის გამოცხადებამ გააჩინა განცდა, რომ მიღებული სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. მაუწყებელში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა ეს ეჭვები დაადასტურა“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

როგორც საია აცხადებს, სარჩელში დასაბუთებულია, რომ მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო პროცესუალური ნომრების დარღვევით და გადაწყვეტილების მიღებისას არ ჰქონდა შესწავლილი არც ერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას. საიას განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს. ასევე, 2017 და 2018 წლების გარე აუდიტის შედეგების თანახმად, მაუწყებელს ფინანსური პრობლემები არ გააჩნია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]