weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს იძიებენ

19:06 ოთხშაბათი, 02 ივნისი 2021
ფოტოზე - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფოტოზე - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. 

სახალხო დამცველის განცხადებით, პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვეს, მიღებული ინფორმაციიდან კი გაირკვა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

„გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ამ დროისთვის არ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირებისა და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, უკვე მივმართეთ პასუხისმგებელ უწყებებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ. პანსიონის ადმინისტრაციას ეს მითითება მისცა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლების „შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას“.

შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაავალა, რაც ხელისუფლებამ დღემდე არ შეასრულა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ, „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან.

„ჩვენ არათუ შევალთ ამ ინსტიტუციაში და განვახორციელებთ მონიტორინგს, არამედ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საქმით მივაღწევთ იმას, რომ ამ ტიპის ინსტიტუციები საერთოდ დაიხურება საქართველოში.

ძალიან სწორი იყო UNICEF-ის განცხადება, სადაც მათ აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ მსგავსი დაწესებულებების არსებობა მთლიანად ეწინააღმდეგება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გაზიარებული და აღიარებული აქვს ჩვენს ქვეყანასაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის სასარგებლოდ დასრულდება“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველს პრეტენზიები პირველ რიგში სახელმწიფოსთან აქვს, ვინაიდან პანსიონში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვაზე სწორედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

„სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ ასეთ ინსტიტუციებში მონიტორინგი განახორციელოს დამოუკიდებელმა ორგანომ და ასეთი ორგანო ამ ქვეყანაში არის სახალხო დამცველი. შესაბამისად, ასეთ ინსტიტუციებში შესვლა-არ შესვლის საკითხი არ არის მათი მენეჯერების გადასაწყვეტი. მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ამ დაწესებულების ხელმძღვანელობას რაღაც აქვს დასამალი, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დაწესებულება სადაც ჩვენ არ გვიშვებენ. სხვა მართლმადიდებლურ პანსიონებში გვიშვებენ. ეს არის ერთადერთი პანსიონი, სადაც ჯერ ბავშვებთან გასაუბრებაში შეგვიშალეს ხელი, შემდეგ კი კარი საერთოდ დაგვიკეტეს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინოწმინდის პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე პატარა 5 წლისაა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]