weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2021

უზრუნველყავით პრაიდის ჩატარება უსაფრთხო გარემოში – გაერო და დიპლომატიური მისიები

12:56 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021 hits 194

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) და დიპლომატიური მისიები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში, 2021 წლის პრაიდის კვირეულზე.

ერთობლივი განცხადება, სადაც ეს მოწოდებაა, შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

„მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებებს დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები.

2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ქონდეთ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის.

COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად. ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში „პრაიდის“ კვირეული დღეს, პირველ ივლისს იწყება და 5 ივლისს დასრულდება. ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში, 2019 წელს პირველად გამართული „პრაიდის“ კვირეულის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ ოფიციალური პრემიერის გამართვა, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალის“, 5 ივლისს კი „ღირსების მარშის“ ჩატარება. ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა.

სხვადასხვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები „ღირსების მარშის“ ჩაშლითა და ძალადობით იმუქრებიან. „პრაიდის“ კვირეულის წინააღმდეგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიება პროვოცირების ნიშნებს შეიცავს და კონფლიქტში შედის „საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან“. საპატრიარქომ ხელისუფლებას მიმართა – „აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას გარდაუვალი შფოთი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]