სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლებაა).
ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავდა. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი, რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.
„სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“, – აცხადებს GDI.
2018 წლის მარტში კონსერვატიულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ „ქართულმა იდეამ“ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში საჩივარი შეიტანა, სადაც ამბობდა, რომ „აიისამ“ პრეზერვატივების შეფუთვისთვის გამოიყენა დიზაინი, რომელიც ქართველთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა. 18 აპრილს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი „აიისას“ მიმართ, რომლის თანახმად, „აიისას“ ფეისბუქ გვერდზე, ასევე პრეზერვატივებზე განთავსებული იყო არაეთიკური რეკლამა, რითაც რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი ირღვეოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ზედამხედველობის სამსახურის არგუმენტაცია და 4 მაისს „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა. ანანია გაჩეჩილაძეს რამდენიმე შეფუთვის გამოყენება და რეკლამირება აეკრძალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა.
18 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ფეისბუქ გვერდზე და „აიისას“ პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ, წარწერა -„ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ წარწერა - „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა; წარწერა - „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა ხელყოფდა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს. პროდუქციის ნაწილზე დატანილი წარწერების მიზანი კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ორივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ შეურაცხმყოფელი პათეტიკის წარმოდგენა და აშკარა, პირდაპირი და განზრახი დაცინვა იყო.