ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო მერიის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ და ყოფილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. როგორც „რეგინფოს“ ნარგის ნიგურიანმა უთხრა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასამართლომ მერიის მხრიდან დისკრიმინაცია დაადგინა, მერიაში მუშაობის გაგრძელებას კი არ აპირებს.
ნარგის ნიგურიანი და მაია კახიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი თანამდებობებიდან 2018 წლის 22 მარტს, რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს.
ნარგის ნიგურიანმა და მაია კახიანმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება დიდი ჰესების – ხუდონჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ ბრძოლის გამო მოხდა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ბრძანებები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელები – ნიგურიანისა და კახიანის გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები ბათილად ცნო და მერიას მათთვის ერთი წლის იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა. ნარგის ნიგურიანის შემთხვევაში ერთი წლის განაცდურის ოდენობა დაახლოებით 7 ათასი ლარი იყო, ხოლო მაია კახიანის – 6 ათასი. რაიონულმა სასამართლომ სამსახურში მათი აღდგენის გადაწყვეტილება არ მიიღო. გარდა ამისა, სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია არ დაადგინა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ რეორგანიზაცია არ იყო ფორმალური და მას ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა, დასაქმებულების თანამდებობებიდან გათავისუფლება კი არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება და მესტიის მერიის საჩივარი მთლიანად დააკმაყოფილა.
გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად გააუქმა და საქმე განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.
მოსარჩელეთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა. ორგანიზაციის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობაში დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან დადგინდა, რომ ნარგის ნიგურიანისა და მაია კახიანის დევნა განსხვავებული აზრის გამო მოხდა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პოზიცია, რომ სადავო რეორგანიზაცია ფორმალური ხასიათის იყო და არ ყოფილა დასაბუთებული მოსარჩელეების დათხოვნის აუცილებლობა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი : როცა გიგანტურ ჰესებზე პროტესტი სამსახურის დაკარგვად გიჯდება - ნარგის ნიგურიანის საქმე