weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროსასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად ცნო – იუსტიციის სამინისტრო

18:37 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო (ბაჩანა) ახალაიას საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, ევროპული სასამართლოს შეფასებით, დაუშვებლად უნდა იქნეს გამოცხადებული ბაჩანა ახალაიას პოზიცია, თითქოს მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„მომჩივანი - ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას - 9 თვეს. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში).

ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ ყოფილა გამოძიების განზრახ გაჭიანურება ან რაიმე თვითნებობა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს.

რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2022 წლის მარტში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]