weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი: საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებზე თავდასხმებში დანაშაულის ნიშნებია

19:16 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

საქართველოს სახალხო დამცველი მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილეებზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.

„კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულის კი შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები, ხოლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ 3 ივლისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, თბილისსა და რეგიონში საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. კამპანიის მონაწილეებს, რომელთა შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც არიან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. პარტია „ლელოს“ წევრების ინფორმაციით, გუშინ, ყვარელში მომხდარ ინციდენტში პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეც კი მონაწილეობდნენ. „ლელო“ აცხადებს, რომ სახეზე იყო პოლიტიკური საქმიანობისთვის დევნა, რაც დანაშაულია და სამართალდამცველ ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდებს.

საინფორმაციო კამპანიის მონაწილეები დღეს, თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში ახალგაზრდებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ შეუშვეს „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს დეპუტატებმა და „ალტ ინფოს“ წევრებმა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, სადაც სტუდენტები საინფორმაციო ბროშურებს არიგებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) იძიებს.

3 ივლისის აქციის მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა, რომელიც ზამთრამდე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]