weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

10:44 შაბათი, 24 თებერვალი 2018

საქართველოს პარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა.

პირველმა არხმა კენჭისყრის შედეგები გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა – ირინე ფრუიძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და თამარ ხულორდავამ. ხულორდავას განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად არსებობს საზოგადოებაში კითხვები. ვფიქრობ, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მქონდა კენჭისყრამდეც ამ საქმეზე და ახლა კენჭისყრის პროცესში დავაფიქსირე კიდევ ერთხელ ჩემი პოზიცია. ვფიქრობ, გამოძიება აუცილებელია და გამოძიების ყველა ფორმა არის მისაღები“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების (ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“) მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს ეხებოდა.

აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში იმყოფებოდა და დაკავებული იყო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მუხთარლი სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის „მსხვერპლია“. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com