weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე შავაძის ბრალდებებს უარყოფს

22:03 კვირა, 25 თებერვალი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უარყოფს მოსამართლე ირაკლი შავაძის ბრალდებებს, მასზე ზეწოლის, მისთვის მართლმსაჯულების განხორციელებაში და უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით ხელშეშლის შესახებ.

„აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში მამისეიშვილი განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 30-მუხლით, 2017 წლის 1-ელ ივნისამდე მოქმედი რედაქციით, სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო, რომ ერთი კოლეგიის მოსამართლისთვის დაევალებინა მეორე კოლეგიაში საქმიანობის განხორციელება, საქმეების სირთულიდან გამომდინარე.

„ბატონი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ რომ გამწესდა, იმ დროს სისხლის სამართლის კოლეგიაში დაახლოებით 500-ზე მეტი არსებითად განსახილველი საქმე იყო. სასამართლოს თავმჯდომარემ საჭიროდ ჩავთვალე გამომეყენებინა კანონით მონიჭებული უფლება და მივიღე ეს გადაწყვეტილება. 2017 წლის 1-ელ ივნისს შეიცვალა კანონი, რომლის თანახმადაც საჭირო გახდა წერილობითი თანხმობა, რის გამოც ბატონ შავაძეს მივწერე ოფიციალური წერილი და ვკითხე, კვლავ დარჩებოდა სისხლის სამართლის კოლეგიაში, თუ გადავიდოდა ადმინისტრაციულ კოლეგიაში. ბატონმა შავაძემ წერილობით მაცნობა, რომ მას არ სურდა სისხლის სამართლის კოლეგიაში მუშაობა და დაბრუნდებოდა სამოქალაქო კოლეგიაში სამუშაოდ“, - აღნიშნავს მამისეიშვილი.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ირაკლი შავაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე მისი შვილის ნათლიაა და ამ კავშირების გამოყენებით, მამისეიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იუსტიციის საბჭოს ირაკლი შავაძისთვის უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე.

"სწორედ ლევან მურუსიძე იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი მაშინ, როცა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონი შავაძის მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით. ახლა ლევან მურუსიძე არ მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამიტომ, ბატონი შავაძის მხრიდან ლევან მურუსიძის ცუდ კონტექსტში მოხსენიება, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი უპატივცემულობაა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავნმარტავ, რომ სწორედ ბატონი ლევანის დროს განხორციელდა მოსამართლედ მისი გამწესება. ბატონმა შავაძემ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ლევან მურუსიძე არის ჩემი შვილი ნათლია. მე და ლევან მურუსიძეს ერთმანეთთან რაიმე ფორმით ნათესაური კავშირი არ გვაქვს", - განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბრალდებულ ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი შავაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„სამწუხაროა, რომ ბატონმა შავაძემ, ართმელაძის საქმეს დაუკავშირა თითქოსდა ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება. ბატონმა შავაძემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც სწორად ჩათვალა. რაიმე ფორმით მე რომ მასზე ზეწოლის მოხდენის  სურვილი მქონოდა, მაშინ იმ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად როგორ მიიღებდა, ან როგორ გადაწყვეტდა. იცით რისი თქმა მინდა? ორი წელიწადი, როგორც ბატონი შავაძე აცხადებს, მე მასთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია არ მაქვს. რა ზემოქმედებაზე შეიძლება იყოს საუბარი?

ჩვენს დაპირისპირებას რაც შეეხება, ამას დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ. როდესაც მოსამართლეებთან ერთად ვსაუბრობდი უზენაესი სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანერგილ პრაქტიკაზე, ამ დროს მან გამოხატა საუბარში, რომ მიიღებდა იმ გადაწვეტილებას, რასაც ის კონკრეტულ მომენტში სწორად მიიჩნევდა. სიმართლე გითხრათ, მე მივხვდი, რომ ამ ადამიანთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია, ჩემთვის არც თუ ისე სასიამოვნოდ დასრულდებოდა. მივხვდი, რომ ეს ადამიანი მაქსიმალურად ეცდებოდა, თუკი მასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფით კონტექსტში მოხდებოდა, გამოეყენებინა და ლაფში ამოესვარა ჩემი სახელი. სწორედ ამიტომ, მე ამ ადამიანთან, როგორც კოლეგასთან შევწყვიტე ურთიერთობა, ვინაიდან ჩავთვალე, რომ  თუ მასთან კომუნიკაცია მექნებოდა, სხვადასხვა ბრალდებებს მოიგონებდა ჩემთან დაკავშირებით“, - განმარტავს მამისეიშვილი.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]