weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

18:23 პარასკევი, 23 მარტი 2018
„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ფოტო © RFE/RL

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ქართული მარშის“ ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

„ქართული მარშის“ წევრებმა მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ ისინი ამბობდნენ, რომ დაკავებული აქტივისტები „პოლიტიკური პატიმრები“ არიან.

ლადო სადღობელაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი, გიორგი ონიანი, ბექა რევაზიშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და მიხეილ ამისულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 19 მარტს განვითარებული მოვლენების გამო დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

„ბრალდების თანახმად, ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად, 19 მარტს, „რუსთავი 2“ -ის შენობის წინ შეიკრიბნენ და კომპანიის თანამშრომლების მიმართ იგინებოდნენ, გამოხატავდნენ აგრესიას და აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ, რასაც დაემატა კომპანიის თანამშრომლების მიმართ ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა. „რუსთავი 2“-ის იურისტსა და გადაცემა P.S.-ს წამყვანს, რომლებიც შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდნენ, ბრალდებულებმა გზა ჩაუკეტეს. ლუკა ნ.-მ იურისტის მანქანის ძარის ხუფი ფეხის ჩარტყმით დააზიანა, რითიც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა, ხოლო მანქანაში მყოფ ტელეწამყვანს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. გიორგი ო.-მ, „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს სახეში ძლიერი დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმე ეხება ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენას, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დასადგენია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, გამოსაკითხია სხვადასხვა პირები, ამდენად მტკიცებულებათა მოპოვებისათვის და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ ბრალდებულებს პატიმრობა განუსაზღვრა“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]