weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი - ვეფხია ბაქრაძე მეორედ მომართვის შემდეგ შევიწყალე, ოჯახის სურვილით

16:11 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

„შეწყალების კომისიამ მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე. მე სასჯელი მხოლოდ გავანახევრე. მე რომ არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელმაც 13 აპრილს 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა.

„რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ამ დანაშაულში ბრალდებული იქნა ჩვენს მიერ შეწყალებული.

საზოგადოებას სრულიად ლეგიტიმურად გაუჩნდა კითხვები და ითხოვს ახსნას. ჩვენ მზად ვარ ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ.

გამომდინარტე იქიდან, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია გვინდა მივცეთ საზოგადოებას, დავიწყებ ფაქტებით. 2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა, ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ. თუმცა, მაშინ ის არ იყო დაპატიმრებული და მხოლოთ ოთხთვენახევრის შემდეგ ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და ამ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი.

მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილი იყო. მეორედ მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას. ასევე, სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. აქვე, დავამატებ, რომ ამ თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.

მაშინ კომისიამ მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე. მე სასჯელი მხოლოდ გავანახევრე.

ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყევტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვწყევტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეყალების აქტების გამოცემას მანამ, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელიც ჩვენ დახასიათებებს გვაძლევენ, არამედ მოიცავს იმ ჯგუფებსაც, რომელებიც ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა მოგვცენ უფრო მეტი კონკრეტული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. კომისია მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

50 წლის ვეფხია ბაქრაძე ბრალდებულია გერის, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის განზრახ მკვლელობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 13 აპრილს, ბრალდებულმა ქალი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბრალდებული პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ (ე.წ. უდოს კომისია) 6-ჯერ უთხრა უარი პატიმარ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დანაშაულის ხასიათიდან და იმ რისკიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა კვლავ ჩაედინა მსგავსი დანაშაული, პატიმარი არ აკმაყოფილებდა გათავისუფლებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]