weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ე.წ. უდოს კომისიამ ვეფხია ბაქრაძეს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა

22:03 კვირა, 15 აპრილი 2018
ფოტოზე ალექსანდრე დარახველიძე ფოტოზე ალექსანდრე დარახველიძე

სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ (ე.წ. უდოს კომისია) 6-ჯერ უთხრა უარი პატიმარ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ პატიმარი არ აკმაყოფილებდა გათავისუფლებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევას, პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს. ვაფასებთ იმ საკითხს, რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ განმეორებით იქნეს ჩადენილი დანაშაული. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საბჭომ ექვსჯერვე მიიჩნია, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ციხეში და ბოლომდე მოეხადა სასჯელი“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ვეფხია ბაქრაძე, რომელიც 2015 წელს მეუღლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში იყო მსჯავრდებული (ცოლს ნათელა გაბოძეს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა), ე.წ. უდოს კომისიის არაერთი უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ვეფხია ბაქრაძის ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრების თქმით, საპყრობილეში ყოფნისას და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ბაქრაძე ნათელა გაბოძეს შერიგებას და ერთად ცხოვრებას სთხოვდა, უარის გამო კი მას ემუქრებოდა. „ეუბნებოდა, რომ შვილებს მოუკლავდა თუ არ შერიგდებოდა. ჩემ შვილს ეშინოდა, თუმცა რამდენჯერმე მაინც მიმართეს პოლიციას და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ჩვენ მის დაკავებას ვითხოვდით, მაგრამ პოლიციაში გვეუბნებოდნენ, საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვსო. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრეც გამოწერა პოლიციამ ორდერი, მაგრამ მოძალადე ვერ შეაჩერეს“, - ამბობს ნათელა გაბოძის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 13 აპრილს, ვეფხია ბაქრაძემ ნათელა გაბოძის შვილი (პირველი ქორწინებიდან), 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და მამინაცვლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს. პოლიციამ ორდერი გამოწერა. შსს-ს ცნობით, თამარ გამრეკელაშვილმა პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა, მალევე კი პოლიციაში შეტყობინება შევიდა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული 14 აპრილს, თელეთში დააკავა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს ის პირიც, ვისთანაც ვეფხია ბაქრაძე იმალებოდა. მკვლელობაში ბრალდებულს 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას 16 აპრილს გააკეთებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]