ელიზბარ მესტუმრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ის სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 17 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავისმანიდან 52 წლის თამაზ ილურიძე გაიტაცეს, 7 აპრილს კი სოფელ აძვიდან ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიროვი აიყვანეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.