weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს ადასტურებს, რომ მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარულ ჩაწერას ახდენდა

23:54 პარასკევი, 20 აპრილი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე მარიამ ჭანტურიას კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.

„მიმდინარე წლის 20 აპრილს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მოქალაქე მარიამ ჭანტურია, მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების საფუძველზე, 2018 წლის 6 აპრილამდე, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის - მარიამ ჭანტურიას კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. 2018 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის მოხსნის თაობაზე.

იმ დროს, როდესაც მარიამ ჭანტურია პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რაც მარიამ ჭანტურიამ შენიშნა და ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციას აცნობა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მარიამ ჭანტურია დაბარებულ იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, რათა გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერ საფუძველს - სასამართლოს განჩინებას და ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიების დასრულების თაობაზე“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მარიამ ჭანტურია გიორგი ჭანტურიას დაა. გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდა, რის შემდეგაც მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლა.

„პოლიციაში დამიბარეს დაკითხვაზე, უაზრო კითხვები ჰქონდათ. ეჭვი გამიჩნდა, რომ შესაძლოა დრო გაჰყავდათ. ვეცადე გარეთ გამოსვლა მაგრამ კარები ჩაკეტილი იყო, პოლიციელს ყურადღება გადავატანინე, კარები გავაღე და გარეთ გამოვიქეცი. დავინახე, რომ ჩემს მანქანაში 2 უცნობი პირი იყო. მივედი ახლოს და პოლიციელები აღმოჩნდნენ. როგორც შემდეგში გაირკვა, 2 თვის წინ ავტომობილში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟებიათ და ახლა დემონტაჟს ახორციელებდნენ“, - აღნიშნა მარიამ ჭანტურიამ.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ კაბინეტში მოკლეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]