weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

23:32 შაბათი, 12 მაისი 2018

„ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიბრძოლოთ ბოლომდე. იძულებული ვხდებით, მივმართოთ განსხვავებულ ფორმებს, დავიწყეთ კარვების გაშლა. საპატრულო პოლიციამ გვითხრა, რომ ამის გამო შეიძლება გარკვეული ხასიათის თავდასხმა განახორციელონ ჩვენზე. ამ ყველაფრის მიზეზია პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო დუმილი და დღეს თუ აქ რამე მოხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ მას“, - განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე სახელწოდებით „ჩვენი თავისუფლებისთვის“.

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დრო 22:00 საათამდე მისცეს, თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა ულტიმატუმს არ უპასუხა. ბექა წიქარაშვილმა კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის აქციის მონაწილეთა მოთხოვნების ადრესატი არ ყოფილა.

„ჩვენ მისგან არაფერი გვაინტერესებს რეალურად. ის არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გუშინ გაგვიკეთეს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის უმაღლესი მთავრობა. უმაღლესი ეშელონის პირები, რომლებიც ამ დრომდე პასუხს არ გვცემენ. სამარცხვინოდ იქცევიან და ისინი პასუხს მიიღებენ ჩვენგან.

ის, რაც გუშინ მოხდა და ბოლო თვეების განმავლობაში ხდება, ყველამ კარგად ვიცით, რომ გასცდა ნარკოპოლიტიკის საკითხს, ეს უკვე სისტემის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. ვნახეთ გუშინ, რომ სრულიად უმიზეზოდ გვდევნეს, გვარბიეს და დაგვიჭირეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა ფეხებზე ჰკიდია და ამას არავინ აპატიებს.

ჩვენ გვჭირდება პასუხი კითხვაზე - რა იყო ის უბედურება, რაც გუშინ მათ თავს დაგვატეხეს, რატომ მოგვექცნენ ასე? სამარცხვინო იყო კალაძის განცხადება იმაზე, რომ თითქოს აქ შეკრიბილმა ხალხმა არ ვიცით ან ცხელ გულზე მოვიფიქრეთ რაღაც მოთხოვნები. ვუმეორებ მათ მოთხოვნებს, რადგან პრემიერ-მინისტრი ამ დრომდე დუმს - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და გადადგეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან 12 მაისის 15:00 საათიდან მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.  სამინისტრომ კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით ბოლო 3 თვის განმავლობაშია გადაღებული.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული 8 ადამიანი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, 21:00 – 22:00 საათის შუალედში დააკავეს. ლომჯარიას თქმით, დაკავების დროს ისინი კლუბის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]