weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მუხთარლი საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემდეგ დავაკავეთ - აზერბაიჯანის პროკურატურა

15:19 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მუხთარლიმ აზერბაიჯანის საზღვარი საკუთარი ნებით, უკანონოდ გადაკვეთა.

„აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების მიერ ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. ის დააკავეს და ჩხრეკის დროს დიდი ოდენობის ფული აღმოუჩინეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებაში.

ჟურნალისტი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში, 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში იყო დაკავებული. მისი ადვოკატის ელჩინ სადიყოვის განცხადებით, მუხთარლი, 29 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში დააკავეს. მას ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

ადვოკატის თქმით, მუხთარლი მას მოუყვა, რომ 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

„ის ნაცემია. ცხვირსა და მარჯვენა თვალის ქვეშ, შუბლსა და მარცხენა საფეთქელზე სისხლჩაქცევები აქვს. ვარაუდობს, რომ მარცხენა ნეკნი აქვს გატეხილი“, - ამბობს ელჩინ სადიყოვი.

ის დაკავებული ჟურნალისტის მონათხრობზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა მუხთარლი თბილისში საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს. ქართული მხარე კი ამ ინფორმაციას უარყოფს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ვებგვერდზე, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს, გამოქვეყნდა მასალა თბილისში აზებაიჯანელი ოპოზიციონერების „იატაკქვეშეთის“ არსებობის თაობაზე. „იატაკქვეშა მოძრაობის“ აქტივისტებს შორის აფგან მუხთარლიც იყო დასახელებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]