მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, ის ბოლოს 29 მაისს, თბილისში, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს.
„ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. გაუჩინარებული ჟურნალისტის მეგობარმა, დაშგინ აღალარლიმ განაცხადა, რომ მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.
აფგან მუხთარლის მეუღლემ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს დღეს მიმართა. შსს-ის ინფორმაციით, დაკარგული ჟურნალისტის ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ვებგვერდზე, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს, გამოქვეყნდა მასალა თბილისში აზებაიჯანელი ოპოზიციონერების „იატაკქვეშეთის“ არსებობის თაობაზე. „იატაკქვეშა მოძრაობის“ აქტივისტებს შორის აფგან მუხთარლი, ქირურგი ფარმან ჯეირანოვი და პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე გოზელ ბაირამლიც იყვნენ დასახელებულნი. ცნობილია, რომ ბაირამლი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.