weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტარ აზერ სულეიმანოვს და კიდევ ორ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა

08:10 შაბათი, 16 ივნისი 2018
ფოტოზე აზერ სულეიმანოვი ფოტოზე აზერ სულეიმანოვი

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამ პირს - „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს, „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის საკრებულოს წევრს, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, ოთხ-ოთხი ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

აზერ სულეიმანოვი, რომელსაც ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ა.-ს ცემაში ედება, დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს პროვოკაცია მისივე პარტიის წევრებმა მოუწყეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ინციდენტში არ მონაწილეობდა. მათივე თქმით, ელჩინ ა, რომელმაც აბაზოვი აგინა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ არის.

„ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან კარგად დაგეგმილია. ივანიშვილის მორიგი გავლენაა თავის ოპონენტებზე. ელჩინ ა-მ აგინა ივანიშვილის და აბაზოვის ცოლ-შვილი. ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ვაჩვენე, ვინ არის მეთქი ეს კაცი. მითხრა, ეს ჩვენი არ არისო, რამდენიმე წელია „ქართული ოცნების“ ძალიან აქტიური აქტივისტიაო. „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა ერთმანეთს აგინა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული. ეს აბსურდია. მე ვიბრძოლებ ბოლომდე“, - განაცხადა სულეიმანოვმა.

პროკურორის თქმით, ცემაში ბრალდებულ რამინ ალახვერდიევს და თემურ აბაზოვის ნათესავს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ, რადგან საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ მოიპოვეს და ინტერნეტში გაავრცელეს დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვოდეომასალა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ა-ს მოსთხოვა, აეხსნა, ვისი დავალებით აგინა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში მარნეულის მერი და ბიძინა ივანიშვილი, რის შემდეგაც მან რამდენიმე პირთან ერთად ელჩინ ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ელჩინ ა-ი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ა-ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ა-ი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით სახე მოებანა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს, თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]