ათივე ბრალდებულის ადვოკატმა მათი გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებული - ივანე გიგიაძე შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. როგორც მისმა მეუღლემ განაცხადა, გაგიაძე მძიმე ავადმყოფია, მას ოპერაცია 20 დღის წინ გაუკეთეს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია, სასამართლოს გადაწყვეტილება კი უსამართლო. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს ივანე გიგიაძე, იმედა აბაშიძე, ჯამბულ ნაკაშიძე, ბეჟან დეკანაძე, მარად წითელაძე, შოთა კეკელიძე და ზაალ ახვლედიანი.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული არიან რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია ლავასოღლის, კანონიერ ქურდობასა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ცნობით, მინდია ლავასოღლი საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.