weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები - თემურ აბაზოვი უდანაშაულოა

14:57 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართავენ, აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. ადვოკატების თქმით, თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

„აბაზოვს ერთი თვის განმავლობაში უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სოციალურ ქსელში მის შესახებ უარყოფით განწყობებს, მიზანმიმართულად ქმნიდნენ, რომ მარნეულის მერის მიმართ ელექტორატში უარყოფითი განწყობა არსებობს. ამას აბაზოვის მხრიდან ქმედება არ მოჰყოლია, ამ შემთხვევაში

ეს იყო ბოლო მცდელობა, როდესაც მას ოჯახის მაგინებელი ვიდეო გაუგზავნეს, ამასაც არ მოჰყოლია მისი მხრიდან რადიკალური რეაგირება. გარკვეული ძალები ცდილობდნენ, ამ გზით თემურ აბაზოვი მერის თანამდებობისთვის ჩამოეშორებინათ მის მიერ მარნეულში გატარებული რეფორმების გამო

რადგან მერად არჩევის შემდეგ, აბაზოვმა ბრძოლა გამოუცხადა ნეპოტიზმს, კორუფციულ გარიგებებს, მიწების არაკანონიერად მითვისებას, უკანონო მშენებლობებს, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას“, - აღნიშნა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, აბაზოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ერთადერთი პირის, ელჩინ ალახვერდიევის ჩვენების საფუძველზე დაიწყო და პროკურატურას, ამ დროისთვისაც მხოლოდ ეს მტკიცებულება აქვს. ადვოკატების ინფორმაციით, ალახვერდიევს წარსულში ანალოგიური ხასიათის ქმედებები აქვს ჩადენილი, როდესაც ის ცილს სწამებდა ადამიანებს და შემდგომ ბოდიშებს იხდიდა და უარყოფდა.

თემურ აბაზოვის ადვოკატები აპროტესტებენ, რომ წინასასამართლო სხდომა, რომელიც 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლოა 20 სექტემბრამდე გადაიდოს.

„აბაზოვის დაკავებიდან დღემდე გასული ორთვიანი ვადა, სრულებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს მარნეულის მერის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები მოეპოვებინა. თუმცა, რადგან ამ დრომდე, გამოძიებას მხოლოდ ერთადერთი პირის, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ალახვერდიევის ჩვენება მოეპოვება, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ბრალდების მხარე მტკიცებულებების მოსაპოვებლად ე.წ. ცრუ მოწმეების ჩვენებებს გამოიყენებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა მას საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა, აიძულა ჭიქაში მოეშარდა და სახე საკუთარი შარდით მოებანა. დამამცირებელი და ღირსების შემლახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

თემურ აბაზოვს ბრალი მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.

მერთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული. რუსთავის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს ოთხ-ოთხი ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]