weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოსორაულის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია - ბექა დვალი

14:16 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა, რომელიც გუშინ გავრცელდა, რამდენიმე თვის წინანდელია. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. დვალის ინფორმაციით, საელჩო ოსორაულის ბედის გასარკვევად ყველა დიპლომატიურ საშუალებას მიმართავს.

„ეს არის რამდენიმე თვის წინანდელი ვიდეო. ოჯახი ამის შესახებ ინფორმირებულია. არ არის ეს ახალი ინფორმაცია, არ არის ახალი ვიდეო. ჩემი მხრიდან, მსურს ყველას მოვუწოდო, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, გააცნობიერონ ამ თემის სენსიტიურობა. ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ერთობლივად ხელი არ შევუშალოთ იმ პროცესს, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამემამულის ბედის გარკვევას.  არაფერზე ჩვენი უწყება უკან არ იხევს“, - განაცხადა ბექა დვალმა.

სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვასთან ერთად გუშინ მისი ფოტოებიც გავრცელდა.

41 წლის ქართველი მფრინავი ოთხი თვეზე მეტია რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც ის მართავდა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა.

24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ბრიფინგს სოსო ოსორაულის უმცროსი ძმა გიორგი ოსორაულიც ესწრებოდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მისი დადასტურება სთხოვა კონგოს მთავრობას, გაეროს, წითელ ჯვარს, მაგრამ არცერთი მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

იმავე დღეს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში საპროტესტო აქცია გაიმართა. თუშებმა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას მოსთხოვეს, უფრო ქმედითი ღონისძიებები გაატარონ კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]