weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ მამალაძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში მიიღო

12:57 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში მიიღო. ადვოკატები სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლებიც გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და სასამართლო სხდომების დახურვას ეხება.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, სადავო ნორმები ადვოკატებს პროკურატურისგან განსხვავებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და ბრალდებულის დაცვაში ხელს უშლის.

„საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე წარმოებაში რომ მიიღო, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით საბოლოო გადაწყვეტილებაც დადებითი იქნება და დაცვის მხარეს მიეცემა უფრო მეტი საშუალება, საჯაროდ დაიცვას დეკანოზის უფლებები. დადებითი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს, რადგან კიდევ ერთი არგუმენტი გვექნება, თუ რატომ და როგორ შეიზღუდა დაცვის უფლება დეკანოზის საქმეზე“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის არსებით განხილვას სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბერს მიღებული განაჩენით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენთან დაკავშირებით მაშინდელმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატებმა პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართეს, პარალელურად ისინი სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]