weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გვაქვს მოლოდინი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ – ადვოკატი

14:51 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ყოველ წუთს გვაქვს მოლოდინი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, თუმცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე აღარ გამოცხადდება.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბოლოჯერ გამოცხადდა. მას არ სურს ამ შენობაში მოსვლა. სულ მცირე 5 საათი მიმდინარეობს თითო დაკითხვა და თავად მიიჩნევს, რომ ეს მისი წამებაა. ის არის ფიზიკურად შეუძლოდ. ამასთან, კითხვები არ არის რაიმე ახალ გარემოებასთან ან მტკიცებულებასთან დაკავშირებული“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე.

ადვოკატის განმარტებით, მათ აქვთ უფლება მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვონ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბოლო ორ კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოთხჯერ დაიბარეს. 14 აგვისტოს ის თავის აფეთქებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დაკითხეს, 16 და 21 აგვისტოს კი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე, რომელზეც სასამართლოს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დღესაც მივიდა და ამ წუთებში მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

„გადავწყვიტე, რომ ამ ცირკიდან გამოვიდე. ჩემს მასხარაობას თავი დაანებონ და იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ და იმასაც შევეწინააღმდეგები. მაშინ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ, რაც უნდათ ის გააკეთონ. მე ფიზიკურად და მორალურადაც უკვე არ შემიძლია. მეოთხედ ვარ აქ მოსული. ის არ ჰყოფნით, რომ შვილი მძინარე მომიკლეს, ტერორიზმში დაადანაშაულეს და მას მერე ათასი ნაძირლობა და არაადამიანობა ჩაიდინეს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმიტომ დაიწყეს, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ არ გავიდე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს გამოიტანა. სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისთვის ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს და რუსლან შავაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილსაც ადანაშაულებდა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]