მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაკითხვის დეტალებზე საუბარი სურდა, მაგრამ გაუთქმელობის ვალდებულება ამის საშუალებას არ აძლევს.
„კითხვები იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე და არარელევანტური. ახალი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. მინდა, რომ იმ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს, კომენტარი გავაკეთო, თუმცა ხელი გაუთქმელობას მოვაწერეთ. ეს ეჭვს ბადებს - რაიმე ისეთი დოკუმეტი ხომ არ არის წარმოდგენილი, თუმცაღა არ ყოფილა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში ჩემთვის არ იქნებოდა ცნობილი“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ყველა კითხვას უპასუხა და სავარაუდოდ, კონკრეტულ საქმეზე მისი დაკითხვა დღეს დასრულდა: „ალბათ იმიტომ დასრულდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღარ მოვიდოდა, რადგან ეს იყო ძალიან დიდი სტრესი და ტრავმა“.
ბოლო ორ კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმესთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილი სამჯერ დაკითხეს, მანამდე კი დაკითხვაზე პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავის აფეთქებასთან დაკავშირებული განცხადების გამო იყო დაბარებული. რაც შეეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეს, ამ საქმეზე სასამართლომ განაჩენი 27 ივლისს გამოიტანა და 6 პირს პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, როგორც საგამოძიებო ორგანომ ადვოკატებს განუმარტა, გარკვეულ ნაწილში გამოძიება გრძელდება. მაჩალიკაშვილის ადვოკატების განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს დაკითხვის საფუძველი არ გააჩნია, რადგან დასმულ კითხვებზე სასამართლომ უკვე იმსჯელა.