weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარნეულის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმდა

01:20 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თემურ აბაზოვს, რომელიც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, ბრალი დაუმძიმდა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულსაც ედავებიან, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებასა და ინტერნეტით გავრცელებას გულისხმობს. ბრალი დაუმძიმდათ ამავე საქმეზე ბრალდებულ გილხამ გულიევსა და რამინ ​ალახვერდიევს. მათ ცემ​ის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური ცემის ბრალდებით შეეცვალათ.

თემურ აბაზოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პატიმრობაში უკანონოდ ამყოფებენ.

„ტყუილად ვარ დაკავებული. პოლიციის აკადემია დავამთავრე და მთელი ცხოვრება კრიმინალს ვებრძვი. არ ვარ კრიმინალი. რა დროსაც მეტყვით, გამოვცხადდები. ვარ კანონმორჩილი, ასე გავაგრძელებ. ოჯახზე მზრუნველობა მაქვს აღებული და მინდა ოჯახთან ვიყო“,- მიმართა აბაზოვმა მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ თემურ აბაზოვისთვის მიმართ ბრალდებები დაუსაბუთებელია, რადგან მისი საფუძველი მხოლოდ დაინტერესებული პირის ჩვენებაა.

საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, საჯარო ბოდიში მოახდევინეს, ცემეს და სახე საკუთარი შარდით ოაბანინეს.

აბაზოვთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული: პარლამენტის წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევი და აბაზოვის ნათესავი ილხამ გულიევი.

პროკურატურის ინფორმაციით, აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ა-ს მოსთხოვა, აეხსნა, ვისი დავალებით აგინა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში მარნეულის მერი და ბიძინა ივანიშვილი, რის შემდეგაც მან რამდენიმე პირთან ერთად ელჩინ ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ელჩინ ა-ი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. პროკურატურის მტკიცებით, მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ა-ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ა-ი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით სახე მოებანა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს, თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]