weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეო უწყების ინფორმაციით, სოსო ოსორაულთან კავშირი 13 მაისიდან გაწყდა

20:24 კვირა, 11 ივნისი 2017

41 წლის თუში სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული ოთხ თვეზე მეტია რაც კონგოში (ცენტრალური აფრიკა) უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. ოსორაულის ოჯახის წევრები და თუშები საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ტყვეობაში მყოფი პირის გამოსახსნელად არასაკმარისად რეაგირებენ.

დღეს, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოსორაულის ოჯახის წევრებს და აქციის რამდენიმე მონაწილეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე და სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი უჯირაულიც ესწრებოდა.

„შეხვედრაზე ჩვენ მათ ვკითხეთ, რა ღონისძიებები გაატარეს ტყვეობიდან სოსო ოსორაულის გათავისუფლების მიზნით. მათ გვითხრეს, რომ გავიდნენ კავშირზე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წარმომადგენლებთან, იგეგმებოდა გაცვლა და შემდეგ მოხდა შეტაკება. ისევ განავითარეს ის აზრი, რომ რამდენიმე წყაროდან აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა სოსო ოსორაული გარდაცვლილი იყოს.

გვაჩვენეს ვიდეომასალა, რომელიც არ გასაჯაროებულა. სამინისტროს თანამშრომლების თქმით, ვიდეო დათარიღებულია 2017 წლის 21 აპრილით. ოსორაული დროებით სადგომშია, ქართულად საუბრობს, თარჯიმანი, რომელიც არ ჩანს, თარგმნის ინგლისურად. სოსო ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ოჯახის წევრებს აღდგომას ულოცავს. სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, ოსორაულთან კავშირი 13 მაისიდან გაწყდა.

მანამდე, როგორც ჩანს, ამ ადამიანთან გარკვეული არხებით კონტაქტობდნენ. სამინისტროში გვითხრეს, რომ იმის მერე, რაც ჩვენ დაჯგუფებასთან შევთანხმდით, რომ გადმოცემა უნდა მომხდარიყო, შეიარაღებული დაჯგუფება ითხოვდა გარანტიებს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან შეტევა არ ყოფილიყო. „წითელი ჯვარი“ აძლევდათ მათ გარანტიას, მაგრამ ამ პერიოდში მოხდა შეტაკება, დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი და სავარაუდოდ, შესაძლოა დაღუპულთა შორის იყოს სოსო ოსორაულიც.

მოლოდინის რეჟიმში დაგვტოვეს, მეტი არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ჩვენ ვკითხეთ, იმუშავეს თუ არა მეზობელ სახელმწიფოებთან, ვისაც გავლენა აქვს იმ დაჯგუფებაზე. სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ჩვენთვის თავიანთი მოქმედებების ოპერატიულობა და ეფექტურობა. არ დაასახელეს ის სახელმწიფო, რომელსაც ამ დაჯგუფების პოლიტიკური გუნდი აფარებს თავს. გვითხრეს, რომ მათთან ჰქონდათ კონტაქტი, ასევე, ჩველი ელჩი ჩადიოდა კონგოში და შეხვედრებს იქაც ვმართავდითო.

სამინისტრო ვალდებულია უფრო აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ყველასთან, ვისაც შეუძლია რაიმე დახმარება აღმოგვიჩინოს“ – უთხრა „რეგინფოს“ ირაკლი უჯირაულმა.

მისივე თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ როგორც კი „წითელი ჯვარი“ კონგოში მუშაობას განაახლებს, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ უმწეოდ გრძნობს თავს, ჩამოკიდებულია „წითელ ჯვარზე“. მათ გვითხრეს, რომ ამ ორგანიზაციას კონგოში თვითონ აქვს პრობლემები, ორი თანამშრომელი გაიტაცეს და ჯერ–ჯერობით ვეღარ ახორციელებენ აქტივობებს“, – აღნიშნავს ირაკლი უჯირაული.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ალვანში მცხოვრები სოსო ბაბულაიძეც. მისი ინფორმაციით, კონგოში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ სოსო ოსორაულის ძმას გიორგი ოსორაულს სკაიპის მეშვეობით დაუკავშირდნენ და გამოსასყიდი მოსთხოვეს. „უთხრეს რომ ერთი მილიონი უნდა ჩაერიცხა ლონდონის ბანკში. ამას უთქვამს, მაგ თანხას ვერ ვიშოვით, ნათესავებმა ყველაფერი რომ გავყიდოთო. მერე თანხა შეამცირეს, მაგრამ პირი, რომელიც უკავშირდებოდა და გამოსასყიდს ითხოვდა, არასანდო ადამიანად მიიჩნიეს“, – ამბობს სოსო ბაბულაიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ დღესაც იგივე გაიმეორა, რაც თქვა 24 მაისს, ზუსტად იმ დღეს, ვიდრე თუშები ქვემო ალვანში საპროტესტო აქციას გამართავდნენ და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, სოსო ოსორაულის გამოსახსნელად უფრო აქტიურად ემუშავა.

„ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ფაქტობრივი მასალა არ არსებობს, ამიტომ 100%-ით ამას ვერც გაეროს მისია ამტკიცებს და ვერც ჩვენ. არც თვითმხილველი არსებობს და არც გვამი. სანამ ეს არ არის, 100%-ით ვერც ვადასტურებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. სპეციალისტების ინფორმაციით, ის მაღალი კლასის სამხედრო მფრინავია.

რამდენიმე დღის წინ, ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინ წინანდელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]