weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბოჰემური რაფსოდია: Is this the real life? Is this just fantasy?

16:08 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

როკ-ჯგუფ Queen-სა და მის ქარიზმატულ ვოკალისტ ფრედი მერკურიზე შექმნილმა მრავალწლიანმა ბიოგრაფიულმა პროექტმა, რომლის მსოფლიო პრემიერა ახლახანს შედგა, უკვე მრავალი კრიტიკოსი, მუსიკის მოყვარული და კინომანი აალაპარაკა: მთავარი როლის შემსრულებელი, პერფორმანსი, ასაკობრივი რეიტინგი, რეალური ფაქტების შეცვლა და სხვა მრავალი თემა კინოსამყაროში ცხარე დისკუსიის საგნად იქცა.

Easy come, easy go, little high, little low

ბევრმა უკვე იცის, რომ აღნიშნულ ფილმზე მუშაობა თითქმის 10 წელი გრძელდებოდა და იგი ე.წ. Development Hell-ადაც იქცა. შემქმნელების მიერ (თავად Queen-ის წევრები) იცვლებოდა კონცეფცია, მიმართულება თუ სცენარი. შეიცვალნენ რეჟისორები (სტიფენ ფრირზი, დევიდ ფინჩერი, ტომ ჰუპერი, დექსტერ ფლეჩერი) და მთავარი როლის შემსრულებლები (საშა ბარონ კოენი, ბენ უიშოუ), შუა გადაღებებიდან კი რეჟისორი ბრაიან სინგერი გაათავისუფლეს და ფილმის მესამედის დასრულება დექსტერ ფლეჩერს მოუწია, თუმცა ამერიკის რეჟისორთა გილდიის გადაწყვეტილებით, ფილმის საბოლოო ტიტრებში მხოლოდ ბრაიან სინგერი დარჩა. სხვათა შორის, ფილმის ფინალური და ალბათ საუკეთესო ნაწილი - დრამატული კულმინაცია სტადიონ „უემბლიზე“ სწორედ სინგერმა გადაიღო.

So you think you can stone me and spit in my eye?!

ფილმში ნაჩვენები ფრედი მერკურის სექსუალური ორიენტაციის განხილვა მეტწილად ასაკობრივ შეზღუდვას უკავშირდება. რეიტინგ PG13-ის გამო ფილმში არსებული ორიოდე კოცნის სცენის ხილვით ბევრი მაყურებელი უკმაყოფილო დარჩა. ცნობილია, რომ საშა ბარონ კოენის პროექტიდან გაშვება სწორედ ამ საკითხს უკავშირდება - მსახიობს საკმაოდ თამამი ეპიზოდების შესრულება სურდა R-რეიტინგის მქონე ფილმში, რასაც Queen-ის წევრებმა სასტიკი უარით უპასუხეს და საბოლოოდ „ბოჰემური რაფსოდია“ ბავშვებისთვის საყურებელ ფილმადაც იქცა. ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა ასევე ჩათვალეს, რომ სურათში ნაჩვენები მუსიკოსის სექსუალური იდენტობა ცოტა გაურკვეველია.

Mama, just killed a FACT

ხმაურიანი ფილმის საწინააღმდეგო კიდევ უფრო დიდი კრიტიკა ისტორიული ფაქტების დამახინჯებაა. შემქმნელებმა დრამატიზმის მისაცემად შეიძლება ითქვას, რომ გვარიანად იმანიპულირეს, კერძოდ - ფილმში გვაჩვენებენ, როგორ მოსდით უთანხმოება ჯგუფის წევრებს, როდესაც ფრედი მერკური წარუმატებელ სოლო კარიერას იწყებს, რასაც ჯგუფი დაშლამდე მიჰყავს, შემდეგ კი კვლავ შერიგდებიან და ერთად გამოვლენ დიდ კონცერტზე. სინამდვილეში სანამ ფრედი მერკური აღნიშნულ სოლო ალბომებზე მუშაობას დაიწყებდა, Queen-ის სხვა წევრებს უკვე ჰქონდათ გამოცემული თავიანთი სოლო ალბომები, თანაც ეს ყველაფერი სრულიად უმტკივნეულოდ მოხდა, რადგან კვარტეტში კონფლიქტი არ ყოფილა და მერკურის სოლო ალბომების პერიოდშიც Queen-ს უბრალოდ მცირე პაუზა ჰქონდა აღებული. უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება კი, რასაც ამერიკაში „ბოროტი მანიპულაციაც“ უწოდეს, ფრედი მერკურის უკურნებელი სენის თემაა - ფილმში მუსიკოსი შიდსის ვირუსის შესახებ 1985 წელს გამართულ Live Aid კონცერტამდე იგებს, ჯგუფის წევრებს უმხელს, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს გაამხნევებენ და „უემბლიზე“ გამოვლენ, რითაც ფილმის საკმაოდ ემოციურ და დრამატულ დასასრულს ვიღებთ. სინამდვილეში მერკურიმ შიდსის ვირუსის შესახებ ხსენებული კონცერტიდან სულ მცირე ორი წლის შემდეგ შეიტყო, „უემბლიზე“ გამოსვლისას კი წარმოდგენაც არ ჰქონდა ავადმყოფობის შესახებ. ბევრი დაიწერა და ითქვა ფილმის ანტაგონისტად ქცეულ პოლ პრენტერზეც, რომელიც მერკურისთან ეგოისტური სიახლოვის გამო ჯგუფს ბოროტად შლის, ასევე - მსახიობ მაიკ მაიერსის კარიკატურულ კინოპერსონაჟზე, რომელიც რამდენიმე რეალურ პიროვნებას აერთიანებს. აგრეთვე ბევრია წვრილ-წვრილი ანაქრონიზმები და მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენების დროში გადაადგილება.

Magnificooooo!

და მაინც, როგორია „ბოჰემური რაფსოდია“? ღირს ყურებად? კარგია თუ ცუდი? ამაზე ჩემეულ მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. ჟარგონი რომ ვიხმარო, ფილმი საკმაოდ „ლაითი“, დინამიური და სასიამოვნო საყურებელია. მის ცქერისას სიმპათიასა და ჟრუანტელს მეტწილად ფრედი მერკურის, Queen-ისა და მათი სიმღერების სიყვარული იწვევს და როგორც იტყვიან, ამ ყველაფერს მიაქვს მთელი ფილმიც. თითქოს მეტ სხვა აღარაფრის შესახებ არცაა ფილმი, რომლის ნახვის შემდეგ ბევრს იღიღინებთ და ასჯერ გადაიმეორებთ Queen-ის შემოქმედებას. სახალისო მომენტები ოთხეულის ეკრანზე ერთად ყოფნაა, მათი ერთობლივი მუშაობა, დიალოგები და მისთანანი, საუკეთესო ნაწილი კი „უემბლიზე“ ლეგენდარული გამოსვლაა - შთამბეჭდავი ფინალური ეპიზოდი, რომელმაც ფილმის უამრავ მაყურებელს ცრემლი ადინა. Queen-ის წევრების მიერ გარეგნობით შერჩეული რამი მალექი, რომელიც მოცემულ დროს პრინციპში ოპტიმალური ვარიანტი იყო ისეთი Iconic სახისთვის, როგორიც განუმეორებელი ფრედი მერკურია, როლს კარგად ასრულებს და ალბათ ოქროს გლობუსსა და ოსკარზეც იბრძოლებს მამაკაცის მთავარი როლის ჯილდოსთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]