კინოაკადემიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უამრავი ადამიანისა და ჰოლივუდის არაერთი კინომოღვაწის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მის წინააღმდეგ პირველმა ალფონსო კუარონმა გაილაშქრა, რომელიც ფილმ „რომასთვის“ წელს საუკეთესო რეჟისურასთან ერთად ოპერატორის კატეგორიაშიცაა ნომინირებული.
კუარონს არ ჩამორჩნენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და ოპერატორები, როგორებიც არიან: მარტინ სკორსეზე, სპაიკ ლი, ქრისტოფერ ნოლანი, რობერტ დე ნირო, ბრედლი კუპერი, ემა სტოუნი, გლენ კლოუზი, როჯერ დიკინსი, ემანუელ ლუბეცკი და სამასამდე კინოხელოვანმა პეტიციით მოსთხოვა კინოაკადემიას, ხსენებული ოთხი კატეგორია, განსაკუთრებით კი საუკეთესო ოპერატორის ნომინაცია, რომელიც ფილმის შექმნის ერთ-ერთ უმთავრეს სეგმენტში ავლენს გამარჯვებულს, პირდაპირ ეთერში დაებრუნებინა.
ამერიკის კინოაკადემიამ საბოლოოდ დღეს შეცვალა გადაწყვეტილება და მაყურებელიც ოსკარების შოუზე ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს იხილავს. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC) პრეზიდენტმა კეეს ვან ოოსტრუმმა კინოაკადემიას მადლობა წერილით გადაუხადა.
ოსკარების დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონია 24 თებერვალს, ლოს ანჯელესში, ტრადიციულად „დოლბის“ თეატრში გაიმართება და ტელეარხ ABC-ით გადაიცემა. 1989 წლის შემდეგ პირველად შოუ წამყვანის გარეშე ჩაივლის.
ამ თემაზე: