ახალი სერიის რეჟისორობის შესაძლო კანდიდატად ახალგაზრდა და უკვე სახელოვანი ბრიტანელი რეჟისორები, ქრისტოფერ ნოლანი და ედგარ რაიტი სახელდებოდნენ, თუმცა ინფორმაცია მათ შესახებ ფანატთა მოგონილი ჭორი აღმოჩნდა, რეალურად კი, როგორც პრესტიჟული გამოცემები (Deadline, Variety) იტყობინებიან, სამი კანდიდატი არსებობს, ესენი არიან: კანადელი დენი ვილნევი, შოტლანდიელი დევიდ მაკკენზი და ფრანგული წარმოშობის ბრიტანელი იან დემანჟი.
ოსკარის ნომინანტი დენი ვილნევი კინოსამყაროსთვის უკვე კარგადაა ნაცნობი. მისი ფილმები (Incendies, Prisoners, Enemy, Sicario, Arrival) კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან საკმაოდ დადებითი შეფასებებით გამოირჩევა და წარმატებულ ნამუშევრებად ითვლება, ოქტომბერში კი მისი მორიგი მასშტაბური სურათი, საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკის „სამართებელზე მორბენალის“ სიკველი (Blade Runner 2049) გამოვა.
დევიდ მაკკენზი ჯეიმს ბონდის სავარაუდო რეჟისორთა სიაში გასული წლის ერთ-ერთი საუკეტესო ფილმის - Hell of High Water, წყალობით მოხვდა. ამჟამად კი რეჟისორი შოტლანდიის მეფე რობერტ I ბრიუსის შესახებ ისტორიული დრამის გადაღებებითაა დაკავებული.
რაც შეეხება სერიალების რეჟისურით ცნობილ იან დემანჟს, იგი ამჟამად თავის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს: კრიმინალურ დრამაში „თერთკანიანი ბიჭი რიკი“ მთავარ როლს მეთიუ მაკკონაჰი ასრულებს. იქამდე კი რეჟისორმა თრილერი სათაურით „’71“ გადაიღო, რომელიც 1971 წლის ჩრდილოეთ ირლანდიის სამოქალაქო მოვლენების ფონზე განვითარებულ ისტორიას გვიამბობს.
ჯეიმს ბონდზე კინოსერიების უფლებების მქონე პროდიუსერების, ბარბარა ბროკოლისა და მაიკლ ჯ. უილსონის განცხადებით, აგენტი 007-ის შესახებ ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმი 2019 წლის 8 ნოემბერს გამოვა.