ფილმის რეჟისორი ბრეტ რეტნერი მიიჩნევს, რომ პოპულარული მსახიობი აღნიშნულ როლს თავს კარგად გაართმევს.
„ჯარედი ჩემი ძველი მეგობარია. როდესაც გაიგო, რომ ჰეფის ისტორიის გადაღებაზე უფლება მოვიპოვე, მითხრა: მსურს მისი შესრულება და მჯერა, რომ ის ამას შეძლებს, რადგან იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია“, – განაცხადა რეჟისორმა და პროდიუსერმა ბრეტ რეტნერმა, რომლის კინოკომპანია RatPac Entertainment აღნიშნული ფილმის წარმოებას 2007 წლიდან აპირებს. თავდაპირველად ჰიუ ჰეფნერის როლზე რობერტ დაუნი უმცროსი მოიაზრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გასულ კვირას 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მერილინ მონროს გვერდით დაკრძალეს.
აღსანიშნავია, რომ ჯარედ ლეტო სხვა სამომავლო ბიოგრაფიულ კინოპროექტშიც იყო ჩართული - მსახიობს ცნობილი ამერიკელი მხატვრის, რეჟისორის, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ უდიდესი წარმომადგენლისა და პოპ-კულტურის სახედ ცნობილი ენდი უორჰოლის როლი უნდა შეესრულებინა, თუმცა ფილმზე ოფიციალურად მეტი არაფერია ცნობილი.